„ბანკ ქართუს“ კახაბერ ვარდუკაძის სასარგებლოდ,  399 755 დოლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული

„ბანკ ქართუს“ კახაბერ ვარდუკაძის სასარგებლოდ, 399 755 დოლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული

„ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ქართუ ბანკს“ მოქალაქე კახაბერ ვარდუკაძის სასარგებლოდ 399 755 დოლარის ჯარიმა დააკისრა. აღნიშნული განცხადება  მათიკაშვილმა for.ge -ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დავით მათიკაშვილის განმარტებით,  სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ  ცდილობენ  სამართლებრივი გზა მოძებნონ და ჯარიმა არ გადაიხადონ. ამასთან აღნიშნავს, რომ  „ბანკ ქართუში“ ჯარიმის შესახებ,  გაფრთხილება და ვადებზე ინფორმაცია ჯერ არ მისვლიათ.

მათიკაშვილის ინფორმაციით, მოქალაქე ვარდუკაძის საქმე 2002 წლიდან იწყება, როცა მან "ბანკ ქართუში" ძვირფასეულობა დააგირავა და 163 343 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი მიიღო. 2003 წლის 7 მარტს კრედიტის თანხა 215 567 დოლარამდე გაიზარდა, რომლის ნაწილი მოვალემ 2003 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის დაფარა და დავალიანება დარჩა 133 190 დოლარი.

ვარდუკაძემ თბილისის პროკურატურაში შეიტანა საჩივარი „ბანკ ქართუში“ არსებული მისი ძვირფასეულობის დაკარგვის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურმა, 2005 წლის 15 მარტს, კახაბერ ვარდუკაძის თანდასწრებით, აღრიცხა და შეამოწმა დაგირავებული ნივთები. ფაქტობრივად, არსებული ძვირფასეულობა და ელექტრონული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ძვირფასეულობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 171 პაკეტიდან ერთ პაკეტში კენჭები იყო, 58 პაკეტში ბიჟუტერია, ხოლო დანარჩენ სათავსოებში ოქროს ნივთები ინახებოდა.

ვარდუკაძემ „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ სასარჩელო წარმოება დაიწყო, თითქოს ბანკმა დაკარგა ქონება, ვერ უზრუნველყო ძვირფასეულობის დაცვა და მიყენებული ზიანის 586 173 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

აღნიშნული სასამართლო დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.

2008 წლის 16 ივნისს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კახაბერ ვარდუკაძე ეჭვმიტანილად ცნეს სხვისი ნივთების მითვისებაში და აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვის ვადით დაუსწრებლად დაპატიმრება შეეფარდა. ამის შემდეგ ვარდუკაძე გამოცხადდა საგამოძიებო დეპარტამენტში და აღიარა დანაშაული - ბანკის თანამშრომელთან ერთად კრედიტის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ძვირფასეულობისა და ფულის მითვისება.

2008 წლის 25 ივლისს საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ვარდუკაძე დამნაშავედ ცნეს. საქმის მოსმენა განახლდა, მაგრამ საბოლოოდ 2008 წლის 17 საქტემბრის განჩინებით მხარეთა მიერ სარჩელებზე უარის გამო შეწყდა, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ვარდუკაძეს დაუბრუნდა 7 788 აშშ დოლარის ძვირფასეულობა.

2012 წლის 3 ივილსს ვარდუკაძემ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ახლად აღმოჩენილი გარემოებების მიზეზით.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმის წარმოება განაახლა, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი და ბანკის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.