სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით გამართული შეხვედრის დაფინანსებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 2012 წლის 31 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ორგანიზებით გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფუძვლიანად შეისწავლის პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების მიერ გამართული საარჩევნო ღონისძიების ფაქტების გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ გუშინ მოითხოვა. მათი ინფორმაციით, 31 ივლისს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩევლებს სუფრით გაუმასპინძლდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედება შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდეს.