სს „ქართუ ჯგუფის“ ახლანდელი ხელმძღვანელობა სს „ქართუ ჯგუფის“ იძულებით მმართველს ვლადიმერ უგულავას „ქართუ ჯგუფის“ მიმართ განხორციელებულ კიდევ ერთ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს for.ge -ს პრესკლუბში სს „ქართუ ჯგუფის“ იურისტებმა ბრიფინგი გამართეს.
სს „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის ალა კახნიაურის განცხადებით, „ქართუ ჯგუფი“ სააქციო საზოგადოებას წარმოადგენს და კანონის თანახმად, აქციონერთა რეესტრის წარმოება შეუძლია. შესაბამისად, კახნიაურის თქმით, დაარსების დღიდან სს „ქართუ ჯგუფი“ აღნიშნულ რეესტრს თავად აწარმოებდა, თუმცა სს „ქართუ ჯგუფის“ იძულებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“ სს „ქართუ ჯგუფის“ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
კახნიაურის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გაუქმდა იძულებითი მმართველობა, სს „ქართუ ჯგუფმა“ ამ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და რეესტრის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„რის შესახებაც წერილობით აცნობა ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორს და მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფასიანი ქაღალდების რეესტრის გადმოცემა. მიუხედავად იმის, რომ სს „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადახდილია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ერთი თვის მომსახურების საფასური და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას ითვალისწინებს მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულების 8.2. პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორი“ უარს აცხადებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადა კახნიაურმა.
კახნიაურის თქმითვე, აღნიშნული ქმედებიდან გამომდინარე, საზოგადოებასა და ფასიანი ქაღალდების მფლობელებს დასკვნების გაკეთება შეუძლიათ, თუ რამდენად დამოუკიდებელია სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორი“ და ღირს თუ არა მასთან პარტნიორული ურთიერთობა.