"ბანკი ქართუს“ იძულებითი მმართველობის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით, „ბანკი ქართუ“-ს იურისტებმა დღეს, for.ge - ს პრესკლუბში ბრიფინგი გამართეს.
„ქართუ ბანკის“ იურისტის მზია თოდუას განცხადებით, ბანკის იძულებითი მმართველობის პირობებში, ბანკის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მოქმედებდენ არა იმ მიზნით, რომ ბანკისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიეღოთ და მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაერიცხათ, არამედ იმ განზრახვით, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წამგებიანი და ზიანის მომტანი ყოფილიყო და ბანკს უახლოეს მომავალში, ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემები შექმნოდა.
შესაბამისად, თოდუას თქმით, იმის ნაცვლად, რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა და როგორც ბანკის ასევე სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ემოქმედათ, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ბანკისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, ოთხი დეველოპერული კომპანიისთვის, ჯამში 50 000 000 აშშ დოლარის ფაქტობრივად, არაუზრუნველყოფილი კრედიტების გაცემის შესახებ მიიღეს.
ამასთანავე თოდუა განმარტავს, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონი მოითხოვს, რომ ბანკის საქმიანობა უნდა ხელმძღვანელობდეს არანაკლებ სამი დირექტორისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო - დირექტორატი შესაბამისად, ირაკლი ზარქუა არ იყო უფლებამოსილი, კომპანიებთან საკრედიტო ხელშეკრულებების დადების საკითხი ერთპიროვნულად გადაეწყვიტა და აღნიშნავს, რომ ბანკის წესდების მიხედვით, ბანკის საკრედიტო საქმიანობას გენერალური დირექტორი ახორციელებს საკრედიტო-საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც დაცული არ ყოფილა.
„სასამართლოს განჩინების თანახმად, უგულავა ვალდებული იყო აღსრულებას დაქვემდებარებული ქონება ემართა იმდაგვარად, რომ კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულიყო. იმის ნაცვლად, რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა და ემოქმედათ როგორც ბანკის ასევე სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მათ მიიღეს ბანკისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება ოთხი დეველოპერული კომპანიისთვის, ჯამში 50 000 000 აშშ დოლარის ფაქტობრივად არაუზრუნველყოფილი კრედიტების გაცემის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგები იმთავითვე ცნობილი იყო გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ბანკს საკრედიტო ვალდებულებების შესასრულებლად არც შესაბამისი ფინანსური რესურსი გააჩნდა და არც რაიმე სახის შეთანხმება რომელიმე წყაროდან აღნიშნული რესურსის შესაბამის ვადაში გარანტირებულად მოსაზიდად“, - განაცხადა თოდუამ.
თოდუას განცხადებით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების კანონიერების საკითხი განიხილა და ისინი ბათილად გამოაცხადა.
„30 ივლისს ბანკმა ზემოაღნიშნული პირების წინააღმდეგ, წარადგინა სარჩელი მათ მიერ კომპანიებთან 2012 წლის 24 ივლისს დადებული ხელშეკრულებების ბათილად მოთხოვნით. ბანკმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორსა და თბილისის პროკურორს იძულებითი მმართველის ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის გადაწყვეტის მიზნით“, - განაცახდა თოდუამ.