ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია გამოაქვეყნა. ასდუკ-ის სიების უზუსტობაზე საუბრობს საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“, რომელმაც თბილისსა და ზუგდიდში სიების დაზუსტების ალტერნატიული „კარდაკარის“ კამპანია დაასრულა და შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა. არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რაც უფრო მეტი ორგანიზაცია იაქტიურებს და გადამოწმების საფუძვლიან შედეგებს მიაწვდის კომისიას, მით ნაკლები შანსი ექნება ხელისუფლებას, გამოიყენოს უამრავი საარჩევნო მანიპულაცია.
კახა კახიშვილი: ელექტრონულ სიაში ყველას ექნება საშუალება გადაამოწმოს საკუთარი თავი. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და დაინტერესებულ სუბიექტებსაც ექნებათ საშუალება შეადარონ არსებულ მონაცემები.
ასდუკსაც და „ამომრჩეველთა ლიგასაც“ საწყისი ბაზა რეესტრიდან აქვს მიღებული .არ ყოფილა ისე, რომ ჯერ ასდუკმა გამოაქვეყნა, შემდეგ გუნცაძემ გადაამოწმა, და იქ უზუსტობები იპოვა. შესაძლებელია ამ სიებში იყოს უზუსტობები, მაგრამ რაც უფრო მეტი ორგანიზაცია გადაამოწმებს „კარდაკარის“ მონაცემებს, რაც უფრო მეტი ორგანიზაცია მიაწვდის გადამოწმების საფუძვლიან შედეგებს კომისიას, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ სიები დაზუსტდეს. ერთია რომ ბრიფინგზე აკეთებ განცხადებას, მეორეა რომ მასალები დროულად მიეწოდოს კომისიას, რათა მან მოახერხოს ამ შენიშვნების გადამოწმება და ცვლილებების შეტანა.
-რამდენად იქნება შესაძლებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადმოწმებული მონაცემების მიხედვით ჩასწორებების შეტანა ელექტრონულ სიებში, აწყობს ეს ხელისუფლებას?
-თუ შენიშვნები იქნება საფუძვლიანი და მასალა ზუსტად გადამოწმებული, არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. მთავარია იყოს საფუძვლიანი შენიშვნები.
ქართველი ემიგრანტები შიმშილობის დაწყებას აპირებენ საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტის წინააღმდეგ, რომელიც მათთვის ფაქტიურად კრძალავს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას...
-ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ გამოიყენა გრიგოლ ვაშაძის თანამდებობრივი უფლებამოსილება. ვაშაძის ბრძანებით, ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება წაერთვა. ჩვენმა პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის საფუძველზეც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უფლება მიეცათ ჩაერთონ საქართველოს ცხოვრებაში, ამავე დროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საგარეო საქმეთა მინისტრი ართმევს აქტიურ საარჩევნო უფლებას. ჩვენთან არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობით. მათ იციან, რომ არალეგალურად მყოფი ამომრჩეველი არ არის მათი ამომრჩეველი, სხვადასხვა ბერკეტით უზრუნველყოფენ იმას, რომ ოპოზციუირად განწყობილმა ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს და ოპოზიციის სეგმენტი ნაკლები იყოს. ეს არის მთელი ამოცანა. ჩვენ გვყავს ისეთი თანამოქალაქეები, რომელთა პირადობის მოწმობებში წერია, რომ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ საცხოვრებელი ადგილი არის დონეცკი, ამავდროულად გვყავს უმისამართო პირები. თუ მათ ეძლევათ საარჩევნო უფლება და წესით უნდა მიეცეთ კიდევაც, რატომ არ უნდა მიეცეთ უფლება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან?
კიდევ ერთი ფაქტორი, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ითხოვს ახლა უკვე საბუთს და არა ცნობას საცხოვრებელია ადგილიდან, იმიტომ რომ თვითონვე მიხვდნენ, რომ ევროპაში ასეთი ტიპის ცნობებს საერთოდ არ იძლევიან და ეს იყო ძალიან უხერხული ბრძანება, რომელიც მათ არაკომპეტენტურობაზე საუბრობდა. თუმცა, არსი დატოვეს იგივე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეადმისიის ხელშეკრულებაზე საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, ეს ნიშნავს, რომ უამრავ ჩვენს ემიგრანტს დეპორტაცია ემუქრება.
-ასდუკის მონაცემების მიხედვით, სპეციალურ უბნებზე ხმას აძლევს 55 277 ამომრჩეველი, იძულებით გადაადგილებული პირი კი - 207 055 ამომრჩეველია. ხომ არ გამოიყენებს ხელისუფლება ამ ხმებს თავის სასარგებლოდ, როგორც ეს ადრე ხდებოდა?
-ეს ნიშნავს რომ ამ წუთისთვის 55 277 იხდის სავალდებულო სამსახურს. ვეჭვობ, რომ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ კომისიამ დაყო უბნებად სია, ან შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა ან თვითონ არიან უცოდინარნი. ასდუკმა ის მონაცემები წარმოგვიდგინა, რაც მას სახელმწიფო სამსახურებმა მიაწოდეს, რომელთაც კანონის შესაბამისად ევალებათ სიის დადგენა. ამ კომისიის უფლებამოსილებაში სიის დაზუსტება შედის და არა დადგენა. 55 277 ადამიანი რომ სახელმწიფო სავალდებულო სამსახურში იმყოფება და 207 055 დევნილია, ეს ხომ ფაქტია. აქედან გამომდინარე ამ კატეგორიას წავართვათ ხმის მიცემა უფლება? რა თქმა უნდა, არა.
მთავარია, რომ თუ ვინმეს ეპარება ამ ციფრებში ეჭვი, თავისი საფუძვლიანი შენიშვნები დროულად გადაუგზავნოს კომისიას, რათა კომისიამ იმ ვადაში მოახდინოს შესწორების შეტანა, რა ვადაშიც მას აქვს სიების დაზუსტების უფლებამოსილება. ხელისუფლება ყველაფერს გამოიყენებს, რისი შანსიც ექნება. ამიტომ არ უნდა მივცეთ მას შანსი. ძალიან ბევრი მანიპულაცია არსებობს, რომლითაც არჩევნების შედეგები შეიძლება დამახინჯებულ იქნეს. ამიტომ არის აუცილებელი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში იმ ოპოზიციური წარმომადგნელობის აქტიურობა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიფხიზლე.რაც უფრო ფხიზლად ვიქნებით, მით ნაკლები შანსი ექნება ხელისუფლებას მანიპულაციების.
-ოპოზციური პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად და ხმამაღლა საუბრობენ არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე. რამდენად იქნება შესაძლებელი შემდგომ დაამტკიცონ ოპოზციურმა პარტიებმა, თუ ამის საჭიროება დადგა, რომ არა მარტო შედეგები არ იყო სამართლიანი, არამედ წინასაარჩევნო გარემოც?
- საერთაშორისო დამკვირვებლების აქ ჩამოსვლის პროცესი გაიწელა, რომელთაც წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი უნდა განხორციელებინათ. პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების ვადის გაჭიანურება ბოლო წუთამდე ხდებოდა, რათა არ დანიშნულიყო არჩევნები. საქართველოს კანონი არ ავლდებულებს პრეზიდენტს მაინცდამაინც 60 დღის თავზე დანიშნოს არჩევნები. კანონში წერია, არაუგვიანეს 60 დღისა.
მაისიდან ოქტომბერში არჩევნების გადატანას ხელისუფლებისთვის სერიოზული საფუძველი ჰქონდა. სპეციალურად გადმოიტანეს ოქტომბერში არჩევნები იმიტომ, რომ მთლიანად ზაფხული წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდს დაემთხვიათ, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დროს შვებულებაში არიან. ოქტომბერში არჩევნები ჩვენთანაა, ნოემბერში ამერიკაში, იქ წინასაარჩევნო კამპანიაა და თითქმის ყველა პოლიტიკოსი, რომელთაც გავლენა შეუძლია მოახდინოს სიტუაციებზე, ჩართულია საკუთარ საარჩევნო კამპანიაში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ ის, პოლიტიკურ სუბიექტებს წაართვეს მთელი აგვისტო, რათა მათ აგიტაცია და მოსახლოებასთან შეხვედრები ვერ მოახერხონ. მოსახლეობა ძირითადად მიგრირებულია სხვადასხვა ოლქებში, ანუ ისვენებს. ყველა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ წინასაარჩვენო გარემო არასამართლიანია და ამაზე დასკვნებიც არის დადებული. თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს სურვილი ექნებათ რეალურად შეაფასონ წინასაარჩევნო გარემო, ამის მასალები ადგილობრივ არასამათავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ.