გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის პარლამენტში მშენებლებს ბრიგადები დაუმატეს, რომ სამშენებლო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით წავიდეს. მას შემდეგ რაც თბილისში პარლამენტის შენობის გაყიდვაზე დაიწყო საუბარი და ე.წ. „ც“ კორპუსში მომუშავე აპარატის თანამშრომლებს ოთახების დაცლა მოსთოვეს, ამბობენ, რომ ქუთაისის პარლამენტში სამუშაოები დღე და ღამ მიმდინარეობს.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე კი ირწმუნება, რომ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა საძირკვლის ჩაყრის დღიდან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს თუ ბრიგადები დაამატეს.
From-ge აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
-ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს თუ არა ?
-ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა საძირკვლის ჩაყრის დღიდან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. იმ ტემპით, რა ტემპითაც მშენებლობის ტექნოლოგიები ითხოვს.
-მას შემდეგ რაც თბილისში პარლამენტის შენობის დაცლა დაიწყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში მშენებლებს ბრიგადები დაუმატეს, რომ დაჩქარებული ტემპით წარიმართოს სამუშაოები. ეს მართალია თუ არა?
-მე არ ვიცი ბრიგადები დაამატეს თუ არა, მაგრამ მშენებლობის სხვადასხვა ეტაპია, პირობითად ვამბობ, რემონტის დროს შეიძლება ბრიგადები დაემატოს, რადგან სხვადასხვა სართულზე ერთდროულად შეიძლება მშენებლობა. მაშინ როდესაც შენობის აშენების დროს, მეხუთე სართულზე ვერაფერს გააკეთებ თუ პირველ ოთხს არ ააშენებ. ასე, რომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ თუ ბრიგადები დაამატეს. ძალიან კარგი თუ ბრიგადები დაამატეს, ანუ პრაქტიკულად ყველა სართული დამოუკიდებელ სამშენებლო ფრონტად არის ქცეული.
-თბილისში, პარლამენტში შენობაში თქვენი სამუშაო ოთახი უკვე დაცალეთ?
-ბუნებრივია, ჩემი ნივთები გავიტანე. ნებისმიერ შემთხვევაში გავიტანდი ქუთაისში გადავიდოდა პარლამენტი თუ არა. ახალ პარლამენტში ვინ მოხვდება ამას ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს და ხალხის ნება-სურვილი.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სექტემბრისთვის აპარატი ქუთაისში სამუშაოდ გადავა. ამ დროისთვის ახალი პარლამენტი მოესწრება?
-რადგან პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა ასე ამბობს, ასე იქნება. მე ყოველდღიურ პროცესს არ ვამოწმებ და არ ვაკონტროლებ.
-თქვენი პროგნოზით, ქუთაისის პარლამენტის შენობა მზად როდის იქნება?
-ჩემი პროგნოზი ან არაპროგნოზი არაფერს არ ნიშნავს. მომავალი პარლამენტი უნდა შეიკრიბოს ახალ შენობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ პარლამენტმა სრულყოფილად იფუნქიონიროს.