პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მესტიას ეწვია. პირველი შეხვედრა მან ხაიშში ადგილობრივი თემის მოსახლეობასთან გამართა. კოალიციის ლიდერი ზემო სვანეთის მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა და მაღალმთიან რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ, ადგილობრივებისგან ინფორმაცია მოისმინა.
ხაიშში გამართულ შეხვედრას „ნაციონალი აქტივისტების“ გარეშე არ ჩაუვლია. ისინი ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან სოფლის ცენტრში სამარშუტო ტაქსებით მოიყვანეს. რამდენიმე ქალბატონმა შეხვედრის ჩაშლა სცადა, თუმცა მოგვიანებით კოალიციის ლიდერთან გასაუბრება არ ისურვა და ტერიტორია დატოვა.
ხაიშში მოსახლეობასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
„ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და ყველაფერში დაგეხმარებით. ცოტაც მოითმინეთ ორი თვე დარჩა და არც სახურავის პრობლემა გექნებათ და არც ხე-ტყის. უამრავი დახმარება იქნება ამ რეგიონისთვის. თქვენ ამას იმსახურებთ“, - მიმართა ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას.
ხაიშში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერი ადგილობრივი მოსახლის, ქეთევან ფრიდონაშვილის ოჯახს ესტუმრა. ქალბატონი მარტოხელა პენსიონერია და როგორც თვითონ ამბობს, ხელისუფლებისგან უყურადღებოდ მიტოვებული, წლებია სიღარიბეში ცხოვრობს.