სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებით, მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას და სამოქალაქო სექტორში გადაყვანა არ ესაჭიროება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 26 ივლისს, მედპერსონალის დაჟინებული შეთავაზების შემდეგ, მსჯავრდებულმა ვაჩნაძემ თანხმობა განაცხადა დამატებით გამოკვლევებზე, რის შემდეგაც ის მყისიერად გადაიყვანეს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც კვალიფიციურმა ექიმებმა, მათ შორის, სეფსისის ცენტრის სპეციალისტმა, ჩაუტარეს კონსულტაცია, საჭირო გამოკვლევები და განსაზღვრეს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.
„პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, გაასაჯაროოს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას და სამოქალაქო სექტორში გაყვანას არ საჭიროებს“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყება განმარტავს, რომ ვაჩნაძე პენიტენციური სისტემის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა და მისი თანხმობის შემთხვევაში, ყოველთვის უზრუნველყოფილია საჭირო გამოკვლევებითა და მკურნალობით.
„ვინაიდან ექიმ-სპეციალისტთა მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პაციენტი არ საჭიროებს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, სამედიცინო დეპარტამენტი ვერ გაითვალისწინებს უსაფუძვლო მოთხოვნებს და ამჯობინებს, რომ არსებული რესურსი მოახმაროს მათ, ვინც ნამდვილად საჭიროებს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში განთავსებას“ - აცხადებს სამინისტრო.
ცნობისთვის, მელორ ვაჩნაძის სეფსის ცენტრში გადაყვანა დღეს მოძრაობა „არას“ წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა მოითხოვეს.