ქალაქის მოსახლეობა უფრო ინფორმირებული და აქტიური იყო ყოველთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ვიდრე რეგიონების მოსახლეობა, რომელიც მმართველი პარტიის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ყოველთვის. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ამჯერად სიტუაცია მკვეთრად შეიცვლა, რადგან დღეს არსებულმა უსამართლობამ და გაჭირვებამ, თითოეული ოჯახის კარს მიუკაკუნა. რა მდგომარეობაა რეგიონებში, მიუხედავად „ხელოვნური ინფორმაციული ვაკუუმისა“ რამდენადაა მოსახლეობა ინფორმირებული არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ და ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენს არჩევანზე?
From.ge მსახიობ მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ესაუბრა.
ნინელი ჭანკვეტაძე: არა მარტო რეგიონის მაცხოვრებლებს, არამედ მეც, როდესაც მხოლოდ სახელისუფლო ტელევიზიებს უყურებ, გიჩნდება განცდა, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც ასეთია, მხოლოდ მე არ ვცხოვრობ ამ საქართველოში.ეს განცდა გააჩნია ყველა იმ რეგიონის მოსახლეობას, ვისაც ალტერნატიული ინფორმაციების მიღების და დასკვნების გაკეთების საშუალება არ გააჩნიათ. თუმცა, ეს პრობლემები დღეს იმდენ ოჯახს შეეხო, რომ რეგიონის მოსახლეობასაც აღარ გააჩნია იმის განცდა, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა.საქართველოს რეგიონის მაცხოვრებელბის 80-90 % ცვლილებების მოლოდინშია, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.
-რამდენად არის რეგიონებში შიშის ფაქტორი დაძლეული?
-შიშის ფაქტორი რეგიონებში ჯერ კიდევ მძლავრობს. მოსახლეობა პოლიციის, გამგებლების, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების ზეწოლის ქვეშაა. სადაც მე დავდიოდი სოფლებში, რასაკვირველია, მოსახლეობას წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ წევრები შესახვედრად უნდა ჩასულიყვნენ. წინა ღამით ჩამოუვლიდნენ მათ გამგეობის წევრები და აფრთხილებდნენ, რომ შეხვედრებზე არ მისულიყვნენ. სულ ვფიქრობ, „ნაცმოძრაობას“ რვა წლის განმავლობაში ისე რომ ემუშავა, როგორც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ, ბევრი მომხრე ეყოლებოდათ. მიდიოდა მოსახლეობის სრული ტერორი, მაგრამ ადამიანები შესახვედრად მაინც გამოდიოდნენ.
-პოლიტიკოსთა და ექსპერტთა განცხადებებით, მიუხედავად იმის, რომ რეგიონის მოსახლეობა საინფორმაციო ვაკუუმშია, ისინი მაინც ინფორმირებულები არიან და აქცენტებსაც სწორად სვამენ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
-მიუხედავად იმის, რომ ქალაქების მოსახლეობასთან შედარებით, რეგიონის მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია და ამის ხელოვნური მიზეზებიც არსებობს,გაჭირვებამ და უსამართლობამ იმდენ ოჯახს მიუკაკუნა, რომ ისინი რეალობასაც ზუსტად ხედავენ და აქცენტებსაც კარგად სვამენ. მოსახლეობა აღარ ტყუვდება უკვე ხელისუფლების მიერ, ისინი აღარ ფიქრობენ იმას, რომ ტრაქტორები იმ სოფლებში ჩაუყვანიათ და ალბათ, ჩვენთანაც მოაღწევს. ამისთვის ხელისუფლებას საკმაო დრო ჰქონდა-მთელი რვა წელი.
ჩვენ დავიარეთ რეგიონები, სადაც გზის ნასახიც არ არის, ჩვენ გვხვდებოდნენ დიასახლისები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ ოჯახში საპნის საყიდელი ფულიც არ აქვთ, რომ ბავშვები დაბანონ. შუქს, რომელსაც ხელისუფლებამ გადაგვაყოლა, უბრალოდ ვერ იხდიან. როდესაც არჩევნების დრო დადგება და იმედია, ხელისუფლება არჩევნების ჩატარების საშუალებას მოგვცემს, ეს ადამიანები სწორ არჩევანს გააკეთებენ, რადგან ერთი მუჭა ხელისუფლების გარდა არ დარჩა საქართველოში ადამიანი, რომელიც კარგად არის.
-NDI-ისა და IRI-ის გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 21%-მა არ იცის ვის მისცემს არჩევნებში ხმას. მუშაობს თუ არა „ქართული ოცნება“ ამ ელექტორატზე და როგორი ფონია რეგიონებში?
-ჩემი მოსაზრებით, ეს 21%-ი არიან სწორედ ის ადამიანები, ვისაც თავისი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების ეშინია. სინამდვილეში, მათ ძალიან კარგად იციან, ვისთვის აპირებენ ხმის მიცემას. ძალიან ბევრი მათგანი, ვინც გამართულ ჩხუბსა და აყალმაყალში მოქმედი პირები არიან ხოლმე, შემდეგ ჩუმად მოდიან ჩვენთან, ბოდიშს გვიხდიან და გვეუბნებიან, რომ ახლა ასე უნდა მოვიქცე, მაგრამ მერე მე ვიცი რასაც ვიზამ. ზოგიერთ მათგანს პატიმარი ჰყავს, ზოგს კიდევ სხვა პრობლემები გააჩნია.
-რამდენად სანდონი არიან ეს ადამიანები, როგორც ელექტორატი?
-არჩევანი თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელია ვისაც ახალაია-მერაბიშვილის პოლიციურ საქართველოში სურს ცხოვრება, მაშინ ისინი ამ ხელისუფლებას მისცემენ ხმას, ვისაც აბსოლუტურად განსხვავებულ საქართველოში სურს ცხოვრება და თვლის, რომ ცვლილებების დროა, ისინი სხვა არჩევანს გააკეთებენ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს არჩევანზე.