პროკურატურის ინფორმაციით, კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება ხდებოდა. ამის შესახებ შესაბამისი უწების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობისა სტანდარტების საფუძველზე გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
მიღებული ინფორმაციის თანახმად კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვა. ამავე ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციად მიჩნეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადინება. კერძოდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კალაძის საბანკო ანგარიშიდან ეტაპობრივად განხორციელდა 1 600 000 ლარამდე თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება. ამასთან არ არსებობს ზემოთ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგულისხმოა რომ იმავე დროის მონაკვეთში მისი ანგარიშებიდან დამატებით საბანკო ანგარიშგების (უნაღდო) წესით ხორციელდებოდა სხვადასხვა პირადი და საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურება საერთო ჯამში დაახლოებით 900 000 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს რომ სამოქალაქო გარიგებებისას ან სხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვისას კახა კალაძე ანგარიშსწორებას ახორციელებს ჩვეულებრივად, საბანკო ანგარიშსწორების (უნაღდო ოპერაციების) მეშვეობით.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით გამოძიება ვალდებულია გამოიკვლიოს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის (1 600 000 ლარი) საეჭვო ოპერაციები და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოს საბანკო ანგარიშების დაყადაღება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.