არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის კვლევა ჩაატარა, რომელმაც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მთელი რიგი ხარვეზები და დარღვევები აღმოაჩინა.
აღნიშნულ დარღვევებზე არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ახალი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, არსებულისგან განსხვავებით, სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალებას არ იძლევა.
გიგაური განმარტვას, რომ ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ საქართველოში საავადმყოფოების მნიშვნელოვანი ნაწილი სადაზღვევო კომპანიების ან მათი შვილობილი კომპანიების მიერ იმართება და აღნიშნა, რომ ეს აშკარად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტია.
„გარდა ამისა, როდესაც სადაზღვევო კომპანია ჩართულია წამლის წარმოების ბიზნესში, მომხმარებლის უფლებები ირღვევა, რადგან მას შეუძლია მხოლოდ იმ მედიკამენტების შეძენა, რომელსაც კონკრეტული სადაზღვევო კომპანია აწარმოებს. საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა უფლებები, რაც მათ დაზღვევის შესაძლებლობებით სრულად სარგებლობის საშუალებას მისცემდა. სადაზღვევო პაკეტის სრული შესაძლებლობის შესახებ სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა 2%-ზე ნაკლებმა იცის. “ - განაცხადა გიგაურმა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობას სთავაზობს.
„საავადმყოფოები უნდა მართონ დამოუკიდებელმა მენეჯმენტ-კომპანიებმა და არა სადაზღვევოების შვილობილმა კომპანიებმა. ამასთან, ბენეფიციარს მზღვეველის არჩევის უფლება უნდა მიეცეს. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააფართოვოს დამტკიცებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა, რომელთა შეძენა ბენეფიციარებს სახელმწიფოს 50%-ნი თანამონაწილეობით შეუძლიათ. ნუსხას დასამატებელი პრეპარატების დასადგენად სამინისტრომ კვლევა უნდა ჩაატაროს“ - განაცხადა გიგაურმა.