პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული „კარდაკარ“ კამპანიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კამპანია პარტიას ძალიან ძვირი უჯდება, თუმცა აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიისგან არც პროექტის მასშტაბურობა და სიძვირე გაუკვირდებოდა ვინმეს და არც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის განწყობის გაგებისა და მისი სათავისოდ მიმხრობის სურვილი არ არის გასაკვირი. ამიტომ მემარჯვენეები მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ორ საკმაოდ „საჩოთირო და მძიმე მუხლის“ შემცველ კითხვარზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს პროექტის ფარგლებში უსვამს.
პირველი პარტიის აზრით, პრემიერ მინისტრის მიერ გაცხადებულ ინიციატივას ეხება, რომელიც 100 ლარიანი ვაუჩერის დარიგებას უკავშირდება. პარტიაში აცხადებენ, რომ ვაუჩერს მოსახლეობას სთავაზობენ როგორც პარტიულ ინიციატივას, რაც მათი თქმით, საბიუჯეტო სახსრებით ამომრჩევლის მოსყიდვის შეუფარავი მცდელობაა, ამიტომ მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანი.
მეორე დარღვევა კი, პარტიის მოსაზრებით ამომრჩევლებისთვის დასმულ შეკითხვას უკავშირდება, სადაც სასურველი პოლიტიკური არჩევანის თაობაზე, პასუხებში მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალაა ჩამოთვლილი – ნაც.მოძრაობა, ქართული ოცნება და ქდმ.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტია სრულად შერწყმულია ხელისუფლებასთან, ამ კითხვარით არჩევნების წინ საქართველოს მოსახლეობას ღიად პროპაგანდისტულ მესიჯს უგზავნის, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ეს ძალები სურს მომავალ პარლამენტში.
„ამგვარი ფორმულირება მოიცავს ქვეტექსტს, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია, რომ სხვა პოლიტიკური ძალა ვერ შევა პარლამენტში და ეს გადაწყვეტილად ასე უნდა მიიღოს ქართულმა საზოგადოებამ. გვინდა ვუთხრათ „ნაციონალურ მოძრაობას“ – მიუხედავად დიდი მონდომებისა და მცდელობისა ვერც დღემდე მოახერხა ვინმემ და ვერც დღეს მოახერხებს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე არაკონიუქტურული, თანმიმდევრული, პრინციპული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ძალის – „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური ველიდან განდევნას.
ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ხელისუფლების კაბინეტებში დაწერილ სცენარს. როგორი წინასაარჩევნო კომბინაციებიც უნდა შექმნან, როგორი გამიზნული ტელეპროპაგანდაც უნდა მიაშველონ ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას, ისინი ვერ მოახერხებენ ,,ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რადგან საბოლოო სცენარს ქართველი ხალხი წერს“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.