ცაგარეიშვილი და უფლებადამცველები მელორ ვაჩნაძის გადარჩენას მოითხოვენ

ცაგარეიშვილი და უფლებადამცველები მელორ ვაჩნაძის გადარჩენას მოითხოვენ

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმრის მელორ ვაჩნაძის სეფსის ცენტრში გადაყვანას მოითხოვს.

დღეს პარლამენტში გამართულ ერთობლივ  ბრიფინგზე გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ მელორ ვაჩნაძე ამ ხელისუფლებასთან ერთ-ერთი აქტიური მებრძოლია და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ მას ჯანმრთელობა შეურყიოს.

„მოვითხოვთ, რომ მელორ ვაჩნაძე სეფსისის ცენტრში დაუყონებლივ გადაიყვანონ , რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, მელორ ვაჩნაძის ოჯახის წევრებს ეუბნებიან, რომ ბადრაგის ფულია გადასახდელი, ამიტომ პატიმარი სეფსისის ცენტრში ვერ გადაჰყვთ, არადა საუბარია ადამიანზე, რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია.

პრესკონფერენციაზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაცია  მოძრაობა „არას“ წარმომადგენელმა თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ მელორ ვაჩნაძე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და ის აქტიურობას არ წყვეტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც.

მელორ ვაჩნაძე გუშინ გადაიყვანეს გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში.

მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ კი განაცხადა, რომ მელორ ვაჩნაძემ საპყრობილეში შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანი არის „არ შემოხაზოთ 5-იანი“. მისივე თქმით, ციხეებში იგეგმება მასობრივი შიმშილობის აქცია, ამიტომ მელორ ვაჩნაძეს უმძიმეს პირობებში ამყოფებენ.

ჩიტაძის ინფორმაციით, პატიმრები შიმშილობის აქციას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყებენ. 

„გლდანის მე-18 დაწესებულებაში საშუალება არ არის, რომ მელორ ვაჩნაძეს ოპერაცია ჩაუტარდეს, ამ ოპერაციის ერთადერთი საშუალება არის სეფსისის ცენტრში  და არა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვაჩნაძეს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება. მას სისხლი აქვს მოწამლული, სხეულზე გაუჩნდა ნახეთქები, სისხლჩაქცევები, ძარღვების კედლები გათხელებული აქვს და ჯერჯერობით უცნობია დაავადება რომელ სტადიაზეა“, – აღნიშნა ლევან ჩიტაძემ.