იურიდიული დახმარების სამსახურის, რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 26-27 ივლისს ქუთაისსა და ბათუმში, სამუშაო შეხვედრები გამართეს.
მონაწილეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ღონისძიებები გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ირაკლი კობიძემ, ვრცლად ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომელთა შედეგად მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებით, იურიდიული კონსულტაციებითა და დოკუმენტების შედგენის სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცა.
მან განსაკუთრებული ყურადღება იურიდიული დახმარების რეგიონულ ქსელზე გაამახვილა რომელშიც განსხვავებული სერვისების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანდებიან.
აღნიშნული ქსელის მიზანია ხალხს შესთავაზოს სამართლებრივი დახმარების სრული პაკეტი. მაგალითად, სახელმწიფოს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ადვოკატირებას სისხლის სამართლის საქმეებზე გასწევენ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კი სასამართლო წამომადგენლობას არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს მედიის როლი საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების საკითხში. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივმა რადიო თოქ-შოუმ, მოსახლეობისთვის კონსულტაციების გასაწევად, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.