"ინტერნიუსი – საქართველოს" ანგარიშის თანახმად, საქართველოში რეგიონული ტელეკომპანიების გადაცემები უმრავლეს შემთხვევაში დაუბალანსებელია. აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ სასტუმრო "რედისონში" დღეს გამართა.
როგორც დღევანდელი პრეზენტაციიდან გახდა ცნობილი ცენტრალურ ამბებს ტელეკომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილი აშუქებს. მათი უმრავლესობა კი დიდ დროს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის გაშუქებას უთმობს.
შედეგების მიხედვით, რეგიონალური ტელევიზიების მიერ გაშუქებული ინფორმაციების დიდი ნაწილი პოზიტიურ ფაქტებს ეხება. მასში ნათქვამია, რომ 25-ე არხის (ბათუმი) გარდა, უმრავლეს შემთხვევაში რეგიონული ტელემაუწყებლების გადაცემები დაუბალანსებელია, საინფორმაციო გამოშვებებში კი ყველაზე დიდი დრო ადგილობრივ თვითმმართველობას, მთავრობას და ზოგადად, ხელისუფლებას ეთმობა.
„ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები ანონიმურ წყაროებს ეყრდნობიან. კონკრეტული სუბიექტებისთვის დათმობილი დრო კი ძალიან მცირეა. ყველაზე ხშირად, საინფორმაციო გამოშვებებში(2-6 წუთი) კოალიცია "ქართულ ოცნებას," "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას," "ახლებს", "ქართულ დასსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ახსენებდნენ. აღსანიშნავია, რომ სუბიექტების მიმართ სამივე ტონი – (პოზიტიური, ნეიტრალური, ნეგატიური) ვლინდება."- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში წარმოადგენს "ინტერნიუსი – საქართველოს" მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2012 წლის 2-15 ივლისს ჩატარებული კვლევის შედეგებს.
აღნიშნული კვლევა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა, 20 რეგიონულ ტელემაუწყებელზე განხორციელდა.
დაკვირვება რეგიონალური ტელემაუწყებლის საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე ე.წ "პრაიმ ტაიმის" დროს მიმდინარეობდა.