საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს ოპოზიციის პოლიტიკურ სახეზე საუბრისას ქართული ანდაზის ბოლო ფრაზა „ქარავანი მიდის“ გაიხსენა. პარლამენტის სხდომაზე, სადაც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საკითხი განიხილებოდა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოსახლეობისთვის კომპენსაციის სახით გათვალისწინებული თანხების ოდენობა გააკრიტიკეს.
“ბატონო ჯონდი და სხვა გამომსვლელებო, აქ ითქვა, რომ მოდით ეს დახმარება ორჯერ გავზარდოთ. ერთ-ერთმა თქვა, არა ორჯერ, არამედ სამჯერო, აი სწორედ ეს არის უპასუხისმგებლობა, არ გაქვთ იმის განცდა, რამდენად შეესაბამება რეალობას თქვენი ნათქვამი. სწორედ ამიტომ არის თქვენი პოლიტიკური სახე ასეთი, თუმცა „ქარავანი მიდის“, ამ ანდაზის დასაწყისი კი თქვენც მოგეხსენებათ”, - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს
მან კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებსაც მიმართა.
“დღეს ივანიშვილის რამდენიმე ადვოკატმა თქვა, აი, ხომ გადავრიცხეთ ჯარიმის ფული და ახლა ბანკი და ის ქონება დაგვიბრუნეთ, რომელიც დაყადაღებულიაო. ჩამოყალიბდით ბატონებო, ეს ფული ან იმისთვის გინდოდეთ, რომ ვითომ კახეთში დაზარალებულ გლეხებს დაეხმაროთ, ან იმ ქონების დასაბრუნებლად, რომელიც სახელმწიფოს მიერ სამართლიანად არის დაყადაღებული”, - განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება სარეზერვო ფონდების დანახარჯებს, წიკლაურის შეფასებით, “ზოგიერთი ადამიანის სულიერი და გონებრივი აღნაგობა შესაძლებელს ხდის ფონდის დანახარჯები მხოლოდ ტაშფანდურებად და დუდუკებად მოიხსენიოს, თუმცა, სინამდვილეში, ეს მორაგბეებისთვის, ფეხბურთელებისთვის და სხვა სპორტსმენებისათვის, ასევე საგზაო, წყალმომარაგებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაღებული ხარჯებია”.
“ჯანაშიას მუზეუმის მხარდაჭერა ზოგიერთს შეიძლება დუდუკი ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში ეს საქართველოს ისტორიის მხარდაჭერაა. ის ირაციონალური შიში მუსიკალური კულტურის მიმართ, რაც სტინგის და სხვა დიდი მომღერლების მიმართ გამოიხატება, ჩემთვის აუხსნელია”, - აღნიშნა წიკლაურმა.