ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, გელა მახარაძის განცხადებით, ბათუმის მერია კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ურჩევს 5 აგვისტოს დაგეგმილი აქცია არა ევროპის მოედანზე, არამედ ქალაქგარეთ, ანგისის სტადიონზე ჩაატაროს.
როგორც დღეს მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ბათუმის მერის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც კოალიციას გაეგზავნა, აქციის ჩატარებაზე უარი ნათქვამი არ არის და მხოლოდ არის რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ აქცია ალტერნატიულ ადგილზე გაიმართოს.
„ბათუმის ყველა მოედანი, თუ პარკი 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია და დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები“, - აცხადებს ის, თუმცა ვერ აკონკრეტებს რა ღონისძიება უნდა გაიმართოს 5 აგვისტოს ევროპის მოედანზე.
გარდა ამისა, მახარაძემ აგვისტოს განმავლობაში დაგეგმილი ვერც ერთი ღონისძიება ვერ დაასახელა და ჟურნალისტებს ურჩია მერიას წერილობით მიმართონ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები ბათუმის მერიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდნენ და ქალაქის ცენტრში აქციისთვის ადგილის გამოყოფა კიდევ ერთხელ სთხოვეს. აქციის ჩასატარებლად ამჯერად მათ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის დათმობა მოითხოვეს. თუმცა, ამ საკითხზე შეთანხმება დღევანდელ შეხვედრაზე ვერ შედგა.
შეგახსენებთ, კოალიცია ბათუმში აქციის ჩატარებას 5 აგვისტოს გეგმავს.