ტელეკომპანია „მაესტროს“ იურისტები იუსტიციის მინისტრს წერილობით მიმართვას გაუგზავნიან. წერილის საშუალებით, „მაესტროს“ წარმომადგენლები საერთაშორისო სკანდალის თავიდან ასაცილებლად, „ტელეკომპანია „მაესტროს“ დაყადაღებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ.
„მაესტროს“ ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ამ შემთხვევაში დარღვეულია არა მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობა, არამედ, საქართველოს კონსტიტუცია, ევროკონვენცია, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი და ყველა ის მუხლი, რომელიც ინფორმაციის გავრცელებას ეხება.
„ჩვენ მივმართავთ იუსტიციის მინისტრს წერილით, რომ თავად პროკურატურამ თავისივე შუამდგომლობით, მიმართოს სასამართლოს და როგორც დაყადაღება მოითხოვა, ასევე ნებაყოფლობით მოითხოვოს ყადაღის მოხსნა, რათა თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო სკანდალი. შეუძლებელია, არსებობდეს გონივრული ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ერთადერთი, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ ინფორმაციის გავრცელება უკანონოდ იზღუდება“,- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების კიდევ ერთი - მესამე პარტია 22 ივლისის განჩინების საფუძველზე დაყადაღდა. აღნიშნული გადაწყვეტილება „მაესტროს“ ადვოკატებმა დღეს გაასაჩივრეს.
„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მაკა ასათიანის პოზიციას რაც შეეხება, გაბუნიას განმარტებით, ასათიანი „მაესტროს“ დაფინანსებას გააგრძელებს.
„ის, რაც ტელეკომპანიის გარშემო ხდება, მაკა ასათიანს უკანონობად მიაჩნია და იმედი აქვს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლთა მხარდაჭერით და დიპლომატიური კორპუსის ზეწოლით, „მაესტროს“ ანტენებს ყადაღა მოეხსნება“,- აღნიშნა გაბუნიამ.
მისივე თქმით, 26 ივლისს ბრიფინგი გაიმართება, სადაც „მაესტროსთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე განმარტებები გაკეთდება და გეგმების შესახებ გახდება ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების პირველი პარტია 11 ივლისს დააყადაღა. პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით ანტენების შემოტანის ფაქტი დაადგინა. პროკურატურის განცხადების თანახმადვე, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნულ ანტენებს მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად გამოიყენებენ, იმავე სქემით, როგორც ეს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ განხორციელდა. პროკურატურის განცხადებით, ყადაღის გამოყენების ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.