"კანცელარიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო ურთულებს ჟურნალისტებს მთავრობის წევრებისგან კომენტარების მოპოვებას, ცხადია უარყოფითად აისახება ჟურნალისტური პროდუქციის ხარისხზე“, - ასე შეაფასა მედია ექსპერტმა, ია ანთაძემ მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მედიის წარმომადგენლებს შესაძლოა მინისტრების კომენტარების ჩაწერის შესაძლებლობა შეეზღუდოთ.
როგორც ია ანთაძემ From.ge - სთან საუბარში განაცხადა, მთავრობის საქმიანობის გაშუქების შეზღუდვის ტენდენცია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ამიტომ ახალი წესები, რომელიც ჟურნალისტებისთვის მასალის მოპოვებაში ხელის შეშლას უკავშირდება, მას არ უკვირს და მიაჩნია, რომ ესეც ზოგადი ტენდენციის ნაწილია.
მედიაექსპერტის აზრით, აუცილებელია საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ რაც უფრო ძნელია საჯარო ინფორმაციის, თუ კომენტარის მოპოვება იმ პირებისგან, რომლებიც სახელმწიფოში გადაწყვეტილებებს ღებულობენ, მით უფრო გართულდება ხარისხიანი ჟურნალისტური მასალების მომზადება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ცხადია უარყოფითად აისახება ჟურნალისტური პროდუქციის ხარისხზე. ვინაიდან ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვასა და ჟურნალისტურ პროდუქციის ხარისხს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავი დაიცვან აქტიური ჟურნალისტებისა და მათი კრიტიკული შეკითხვებისგან“, - განაცხადა ანთაძემ.
ანთაძის განმარტებით, ჟურნალისტის მოვალეობა მოსახლეობისთვის გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიწოდებაა. ანთაძე აცხადებს, რომ ამის საპირისპიროდ ქვეყანაში ახალი სტანდარტი მკვიდრდება, რაც საზოგადოებისთვის უზუსტო და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მალე რეგიონებზეც გავრცელდება.
„ჟურნალისტები სერიოზულ ენერგიას დებენ მასალების მოპოვებაზე. ჩვენ არ გვინდა საუბარი გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე, მით უმეტეს მაშინ, როცა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან. ასეთ ვითარებაში გამოდის, რომ მათგან რაიმე კომენტარის მიღება დღეს კიდევ უფრო მეტად გართულებულია, ვიდრე აქამდე იყო“, - აცხადებს ექსპერტი.
ანთაძე განმარტავს, რომ ეს პროცესი უშუალოდ ვანო მერაბიშვილის პრემიერ მინისტრობასაც უკავშირდება. ამიტომ მისი თქმით, თავისი უდიდესი პასუხისმგებლობა უშუალოდ სწორედ მას ეკისრება.
„ის არის დღეს პრემიერ მინისტრი და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მთავრობის ურთიერთობას საზოგადოებასთან, მედიასთან თუ სხვა უწყებებთან, ცხადია ვერ იქნება მიღებული მერაბიშვილის გარეშე. ამიტომ პასუხისმგებლობას ჟურნალისტური პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით ის ვერ აიცილებს“, - განაცხადა ანთაძემ.
მისი თქმითვე, ჟურნალისტური საქმიანობის აღნიშნული სტანდარტი შესაძლებელია მართლაც რომელიმე სამინისტროს დაუქვემდებარეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში კანონმდებლობის და ჟურნალისტური საქმიანობის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს. ექსპერტი აცხადებს, რომ კანონმდებლობა, რომელიც ამ მთავრობის მიერ არის მიღებული საჯარო ინფორმაციის თავისუფლად მოპოვებას გულისხმობს, რომელსაც მისი თქმით, ისინი უხეშად არღვევენ.
ანთაძე არც იმას გამორიცხავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად არჩევნებსაც უკავშირდებოდეს. მისი თქმით, მთავრობას არ უნდა გააკეთოს კომენტარები იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს.
„რასაკვირველია ხელისუფლება თავს იცავს იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც კრიტიკულ შეკითხვებს სვამენ და ვისაც მათი რეალური სახის ჩვენება უნდათ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის, რაც ხდება არჩევნების წინ, ძალიან ცუდია“, - აღნიშნა ანთაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტების მუშაობის წესი იცვლება. ახალი წესით მედიის წარმომადგენლებს მინისტრების კომენტარების ჩაწერის შესაძლებლობა შესაძლოა აღარ ჰქონდეთ.