პარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ სხდომა ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე სტიქით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე სასაუბროდ ფინანსთა მინისტრი იყო დაბარებული, თუმცა, პარლამენტში მის ნაცვლად ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი მივიდა.
მთელი ერთი საათის განმავლობაში ოპოზიციური ფრაქცია ცდილობდა გაერკვია სად წაიღო მთავრობამ 60 მილიონი ლარი, რომელიც სარეზერვო ფონდებიდან დაიხარჯა.
მას შემდეგ რაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ფრაქციის წევრებს განუმარტა, რომ სარეზერვო ფონდებში ამჯამად თანხა არის და ეს თანხა 40 მილიონს შედაგენს, ფრაქციის წევრებმა გიორგი ცაგარეიშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ პაპუნა პეტრიაშვილს დეტალური ინფორმაცია მოსთხოვეს სად დაიხარჯა 100 მილიონიანი სარეზერვო ფონდებიდან 60 მილიონი.
„ეს თანხა შეჭმული გაქვთ და არ გინდათ ამაზე ილაპარაკოთ, ზღაპრებს ნუ გვიყვებით როგორ გინდათ კახეთი ააღორძინოთ“, – მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჯონდი ბაღათურიამ.
პაპუნა პეტრიაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს განუმარტა, რომ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა საჭირო არ არის და სარეზერვო ფონდების შესახებ ინფორმაცია 31 ივლისს იქნება წარმოდგენილი, როდესაც 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იქნება მომზადებული.
„60 მილიონი ლარი 60 ლარი ხომ არ არის? შევწყვიტოთ ახლა ფრაქციის სხდომა, თქვენს სამსახურში დარეკეთ და ინფორმაცია გადმოგიგზავნონ რაში დაიხარჯა ხალხის მიერ მობარებული 60 მილიონი ლარი? – მიმართა ბაღათურიამ პეტრიაშვილს.
„თქვენ არა ხართ ჩემი უფროსი, არსად არ დავრეკავ“, – უთხრა გაბრაზებულმა პეტრიაშვილმა ჯონდი ბაღათურიას.
„არც კი გცოდნია, რომ ჩვენ მაკონტროლებელი ორგანო ვართ და თქვენი უფროსები ვართ, დაგელოდებით დღის ბოლომდე რომ ინფორმაცია მოგაწოდონ“, - მიმართა „ქართული დასის“ ლიდერმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.
ამის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ კარლო კოპალიანმა განაცხადა, რომ ფრაქციაში ან მთავრობის მეთაური უნდა მივიდეს ან ფინანსთა მინისტრი და ხალხს განუმარტოს რაში დაიხჯა 60 მილიონი ლარი.
„მთავრობა უპატივცემულობას იჩენს ხალხისა და პარლამენტის მიმართ, შევწყვიტოთ სხდომა და როდესაც მზად იქნებით, მაშინ გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ბაღათურიამ.
„თქვენ არ გაინტერესებთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე საუბარი, არაადეკვატურ შეფასებებს ვისმენ“, – აღნიშნა პაპუნა პეტრიაშვილმა და ფრაქციის წევრები არასერიოზულ საუბარში დაადანაშაულა.
ამის გამო გიორგი ცაგარეიშვილი აღშფოთდა.
„როდესაც 60 მილიონის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენთ, მაშინ იქნება სერიოზული საუბარი. 2004 წელს შეიქმნა სარეზერვო ფონდები და მას შემდეგ თანხების ხარჯვაზე ინფორმაციას სულ ვითხოვთ, მაგრამ ვერ ვიღებთ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა. მას სიტყვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ სარეზერვო ფონდები 1998 წლიდან არსებობს.
„მაშინ ეს სახელი არ ერქვა და რა ერქვა ეს ჰკითხეთ თქვენს გამზრდელ ედუარდ შევარდნაძეს, მაშინაც ქურდბაცაცობა იყო და ახლაც“, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
„მოგიწოდებთ ნუ ნერვიულობთ“, – მიმართა პეტრიაშვილმა ცაგარეიშვილს.
„თქვენ უნდა ინერვიულოთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ყველაფერზე დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა მოგიწევთ“, – უთხრა ცაგარეიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.
ხმაურიანი სხდომის დასასრულს ოპოზიციონერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მოუმზადებლობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ახლა გვჭირდება უკვე დახარჯული 60 მილიონის დეტალურად გაშლა და არა თვის ბოლოს. თუ ხვალ პარლამენტის სხდომაზე არ გვეცოდინება სად დაიხარჯა ეს თანხა, მაშინ გენერალურ პროკურატურას უნდა მივმართოთ, რომ საეჭვო ვითარებაში არის ეს თანხები დახარჯული. თქვენ ახლა 100 ტყუილი რომ თქვათ პასუხს არ აგებთ, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არა ხართ. ახლა შანსი გაქვთ, რომ პირველი- წახვიდეთ და ინფორმაცია მოიტანოთ, ჩვენ დაგელოდებით, ან მეორე-წახვიდეთ და აღარ მოხვიდეთ“, უთხრა ლორთქიფანიძემ პეტრიაშვილს.
ამის შემდეგ მან ისიც იკითხა დაიხარჯა თუ არა სარეზერვო ფონდებიდან ფული პლასიდო დომინგოს, კრის დე ბურის და სხვების კონცერტებზე.
„მოიტანეთ მონაცემები, სად არის ფული, თუ არ იცით, მაშინ მთავარ ივენთ მენეჯერს ჰკითხეთ“, - მიმართა ლორთქიფანიძემ პეტრიაშვილს.
„რა ფული მოვიტანო? ჯიბიდან ამოვიღო“? - იკითხა გაბრაზებულმა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
„ჯიბიდან ამოღება მოგიწევთ მთავრობას თუ შეჭმული გაქვთ“, – ხურდა დაუბრუნა პეტრიაშვილს ბაღათურიამ.
ერთასაათიანი შეხვედრა იმით დასრულდა, რომ პაპუნა პეტრიაშვილმა ფრაქციის წევრებს განუცხადა, რომ შემდეგი შეხვედრა ფრაქცია „ქრიატიან-დემოკრატებთან“ ჰქონდა და იქ წავიდა.