„ქართული ოცნების“ აქცია შესაძლოა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართოს

„ქართული ოცნების“ აქცია შესაძლოა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართოს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმში 5 აგვისტოს დაგეგმილი აქცია შესაძლოა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართოს, რომელსაც „საოცრებათა მოედანს“ ეძახიან. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" ადვოკატმა, ვლადიმერ სანიკიძემ ბათუმის მერის მოადგილე დავით ლეკვეიშვილთან დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, კოალიციისთვის ადრე შეთავაზებული ადგილი - ანგისის სტადიონი იქ მიმდინარე სამუშაოების გამო გახდა მიუღებელი.

„ჩვენთვის მიუღებელია სტადიონი არა იმიტომ, რომ ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ იქ მიმდინარეობს სამუშაოები, გარკვეული ნაწილი გადათხრილია, შესაბამისად, წვიმის პირობებში შეუძლებელი იქნება შესვლა", - აღნიშნა ვლადიმერ სანიკიძემ.

ცნობისთვის, ბათუმის მერიამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 5 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ევროპის მოედანზე ჩატარებაზე უარი უთხრა და ალტერნატიულ ვარიანტად ანგისის სტადიონი შესთავაზა. მერიის პასუხში განმარტებულია, რომ ტურისტული სეზონის გამო ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმის მერიის პასუხს განიხილავს როგორც  პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელშეშლის ცდას. 24 ივლისს, 10 საათზე კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ბათუმის მერიის უფლება მოსილ პირს რობერტ ჩხაიძეს და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აქციის გამართვისათვის ადგილის გამოყოფას“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.