პრეზიდენტის მიერ დედოფლისწყაროში ახლადგახსნილი ფერმერთა მომსახურების ცენტრი გლეხებისთვის მიუწვდომელია. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე - თამილა გურაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, 12 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი შექმნა ნაციონალური ხელისუფლების მორიგი და დამცინავი ტყუილი აღმოჩნდა.
როგორც გურაშვილი აღნიშნავს, დედოფლისწყაროელი გლეხები აცხადებენ, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ სერვისცენტრით სარგებლობას.
„დედოფლისწყაროს სიახლოვეს გვაქვს ნაკვეთები, მაგრამ კომბაინი სერვისცენტრის ხელმძღვანელს, ზურაბ თეთვაძეს პირად საკუთრებაში აქვს და თვითონ სარგებლობს, ეს კომბაინები ჩვენ კი არა ზურაბ თეთვაძეს გამოუგზავნა ეტყობა სააკაშვილმა, ჩვენთვის ეს მომსახურება მიუწვდომელია და მოსავალი ვერ აგვიღია“ – აცხადებენ ისინი.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისყაროს ორგანიზაცია დაინტერესდა ამ ფაქტით და გაარკვიეს, რომ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში არის 17 კომბაინი, მცირემიწიანი გლეხები სახელმწიფო ტექნიკით ვერ სარგებლობენ და აღნიშნეს, რომ ეს მომსახურების ცენტრები მხოლოდ ნაციონალი ფერმერების სასარგებლოდაა გახსნილი.
„პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ვაპროტესტებთ აღნიშნულ ფაქტს და მოვუწოდებთ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელმძღვანელობას გადაამოწმონ სერვისცენტრები ვის ემსახურებიან? უბრალო გლეხებს თუ „ბობოლა“ ფერმერებს?“, - აცხადებს გურაშვილი.