როგორც ჩანს, ჰოლივუდი რუსული კლასიკითაა დაინტერესებული. ამჟამად მიმდინარეობს ორი რუსული რომანის ეკრანიზაცია. კირა ნაითლი, ტოლსტოის ანა კარენინას განასახიერებს, ხოლო დენიელ რედკლიფი რუს ექიმად, მიხაილ ბომგარდად გარდაისახა, ბულგაკოვის „ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერებიდან“.
თუ კირა ნაითლი ცდილობს, როლში შესვლისთვის, რომანი წაიკითხოს და საკუთარი ემოციები წიგნის შესაბამისად მართოს, დენიელი ექიმის როლზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მსახიობმა თებერვალში მოსკოვში ვიზიტის პარალელურად ბულგაკოვის სახელობის მუზეუმშიც შეიარა და წარმოდგენილი ექსპონატები გულისყურით დაათავლიერა.
დენიელი ამბობს, რომ ბულგაკოვი ძალიან უყვარს და აფასებს. როდესაც ის მის შემოქმედებას ეცნობოდა, „ოსტატი და მარგარიტაში“ თამაში მოუნდა. „ძალიან მინდოდა კატა ბეგემოტის როლი მეთამაშა, ვფიქრობ მე მაქვს განცდა ანარქიისა, რომელიც ამ როლისთვის აუცილებელია“,-აღნიშნა მსახიობმა.
გუშინ ინტერნეტსივრცეში ფილმის გადაღებებიდან პირველი კადრი გავრცელდა, სადაც დენიელ რედკლიფი, კოლეგასთან რიანა ხოსმერთან ერთდ, ექიმის ბომგარდის ფორმაშია გადაღებული.