კანცელარიასთან „ცენტრ პოინტით“ დაზარალებულთა აქცია გაიმართა

კანცელარიასთან „ცენტრ პოინტით“ დაზარალებულთა აქცია გაიმართა

კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც პრობლემების მოგვარება ახალ პრემიერ მინიტრს, ვანო მერაბიშვილს სთხოვეს.

აქციის ერთ ერთი მონაწილის, მარინა კორძაძის თქმით, კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ 2600 ადამიანია დაზარალებული, თუმცა აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას მითვისებული 310 მილიონი დოლარის გამო პასუხს არავინ სთხოვს.

„დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და ჩვენ კუთვნილი მივიღოთ. მერაბიშვილს ვთხოვთ "ცენტრ პოინტის" მემკვიდრე "დექსუსი" მოგვაშოროს, რომელიც ულტიმატუმის ენით გველაპარაკება", - განაცხადა მარინა კორძაძემ.

დღესვე აქციის მონაწილეებმა ვანო მერაბიშვილის სახელზე მიმართვის სპეციალური ტექსტი შეადგინეს, სადაც აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმე პარლამენტარ რუსუდან კერვალიშვილის, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილების მიმართ უნდა აღიძრას.

მენაშენთა დღევანდელ აქციაზე პარლამენტარი, „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძეც იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადა.