რამაზ საყვარელიძე:  NDI -ის გამოკვლევა არ არის საიმისო, რომ ჩემს შეფასებად ღირდეს

რამაზ საყვარელიძე: NDI -ის გამოკვლევა არ არის საიმისო, რომ ჩემს შეფასებად ღირდეს

პოლიტიკური ექსპერტის, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, NDI-ის მიერ დასმული შეკითხვები არაკორექტულად და არასწორად არის ფორმირებული. ამის შესახებ ექსპერტმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ასეთ „უაზრო“ შედეგებზე დასკვნის გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელია.

„არ არის ეს გამოკვლევა საიმისო, რომ ჩემს შეფასებად და საერთოდ სერიოზულ შეფასებად ღირდეს. არც ეს შედეგები და საერთოდ არც NDI არ არის სანდო“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტის თქმით, მსგავსი ფორმირებებით კითხვის დასმა მისთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია. როგორც საყვარელიძე განმარტავს, კითხვა კონკრეტულ ჭრილში უნდა ყოფილიყო დასმული, რადგან  მისი თქმით, ადამიანები შეუძლებელია სხვადასხვა ფუნქციების შესრულების დროს ერთნაირად მოგვწონდეს.

„მანქანა, ტორტი და შარვალი შეიძლება ცალკ ცალკე მოგვწონდეს, მაგრამ მისი არანჟირება არ შეიძლება. თუ პოლიტიკურ სივრცეს იკვლევ მოწონება არ არის ამ სივრცის მთავარი ნიშანი. ინგა გრიგოლია და ბიძინა ივანიშვილი  ერთნაირად მოსწონს თუ არა საზოგადოებას ეგ ძნელი დასადგენია. კითხვა კი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო დასმული. მაგალითად ასე, რამდენად მოგწონთ პოლიტიკური როლის შესრულებისთვის, ან რამდენად მოგწონთ ტელეეკრანზე ესა თუ ის პიროვნება“,- აღნიშნავს საყავრელიძე.

აქვე ექსპერტი განმარტვას, რომ ასეთი კვლევის შედეგების წარმოდგენისას სხვა ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი, რაც გამოკითხულთა „თავშეკავებულ“ ნაწილს უკავშირდება.

„თუ გამოკითხულთა 1/3 თავს იკავებს შეკითხვებზე პასუხების გაცემისგან, გამოდის, რომ რაღაც ისეთია ამ შეკითხვაში გატარებული, რომლის გამოც უარს გეუბნება პასუხზე, ანუ რესპოდენტი არ გენდობა.  და თუ კი რეპოდენტი არ ენდობა NDI -ს, მაშინ ჩვენ რატომღა უნდა ვენდოთ?“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, რომელიც მედიის წარმომადგენლებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გააცნო.