მაია ფანჯიკიძე: კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ს კვლევის შედეგებს არ ენდობა

მაია ფანჯიკიძე: კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ს კვლევის შედეგებს არ ენდობა

 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებულ NDI-ს კვლევის შედეგებს, რომლის პრეზენტაცია დღეს შედგა, უნდობლად უყურებს.

ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან და მსგავს ორგანიზაციებთან დაკავშირებით, კოალიციას საკუთარი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია და აღნიშნა, რომ ეხლაც იგივე დამოკიდებულება აქვთ ამ ორგანიზაციის მიმართ.

„NDI-ს კვლევებში რა წერია არ ვიცი, მაგრამ პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ვენდობით. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ინდიკატორი საზოგადოების განწყობაა და არა NDI-ს მიერ მოყვანილი ციფრები“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

პოლიტიკური პარტიების რეიტინგების NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, ხოლო 18% - „ქართულ ოცნებას“. 

კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს მინუს 2%-ია.