პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე კარალეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიდა ქართლის სოფლებში „ქართული ოცნების“ ლიდერებს ამომრჩევლებთან შეხვედრისას ადგილობრივი ხელისუფლება წინასწარ მომზადებულ ჯგუფებს ახვედრებს, რომლებიც მისი თქმით, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან.
ფანჯიკიძის თქმით, კოალიცია კარალეთის ინციდენტის გამოძიებას და ამ ინციდენტში მონაწილე ე.წ. ზონდერ ჯგუფის სამი წევრის დასჯას ითხოვს, რომელთა იდენტიფიცირება მისი განცხადებით, კოალიციამ სურათების საშუალებით შეძლო.
„კარალეთში ხელისუფლების მონდომებამ ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის „ზონდერები“ შესაბამისი ქვებით შეაიარაღა. პოლიციამ ჩვენი 4 წევრი დააკავა, საიდანაც კახაბერ გოგიაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ზაზა ადუაშვილის ბრალი, რომ მან ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, იმ ვიდეო მასალიდან, რომელიც პოლიციამ წარმოადგინა, საერთოდ არ დასტურდება. ამ დროს კი მხოლოდ ორი ზონდერი ლევან მაისურაძე და გიორგი გოჩაშვილია დაკავებული“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, კოლიციამ იდენტიფიცირებული „ზონდერების“ - ვანო მიდოდაშვილის, ბესო კახნიაშვილის, გოგიტა გოჩაშვილის ფოტოები უწყებათაშორის კომისას წარუდგინა და მათ მიმართ მკაცრი ზომები გატარება მოითხოვა, რათა ამ პირების დაუსჯელობამ სხვები არ წაახალისოს ქვების სროლასა და შეხვედრების ჩაშლაზე.