პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს შპს „ელიტა ბურჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.
მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ელიტა ბურჯის“ 3,4 მლნ ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით უკანონოა, ამიტომ კომპანია უკანონო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას არ აპირებს.
ბარამიძის განცხადებით, სასამართლომ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ გაწეული მომსახურების გამო მიიღო და უკანონო შემოწირულობების თანხა არა მომსახურების ღირებულებით, არამედ ბეჭდვის აპარატების ღირებულებით გამოითვალა.
ბარამიძის თქმითვე, საქმის განხილვის თარიღი ჯერ ცნობილი არაა.
„ისინი უკანონო შემოწირულობას მომსახურების გზით გაწევასთან დაკავშირებით გვედავებიან. შემოწირულობა კომპანიამ მომსახურების გზით თუ გასწია, თუ კაშნეების, მაისურების და აშ. ბეჭდვა - ბრენდირება იყო უკანონო შემოწირულობა მაშინ, ამ მანქანების ღირებულება რა შუაშია და უკანონო შემოწირულობის თანხა ოფსეტური ბეჭდვის აპარატების ღირებულებით როგორ გამოთვალეს. ეს იგივეა, ტაქსი გააჩერო, ტაქსისტს მომსახურების საფასური არ გადაუხადო და ეს ტაქსისტი არა მომსახურების ოდენობით, არამედ მანქანის ღირებულებით დააჯარიმონ“, - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და მის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განცხადება 14 ივლისს გაავრცელა.
განცხადების თანახმად, დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ კომპანიამ „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნით, მიმდინარე წელს ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა, რომლის ღირებულება 679.487.94 ლარია.
მათივე ინფორმაციით, შპს „ელიტა ბურჯს“ პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარსულში არ განუხორციელებია. შესაბამისად, დანადგარები და აღჭურვილობა კომპანიის მიერ საგანგებოდ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის მხარდასაჭერადაა შეძენილი.
შპს „ელიტა ბურჯთან“ დაკავშირებით სასამართლო სხდომა 14 ივლისს გაიმართა, სადაც კომპანია უკანონო შემოწირულობისთვის თანხის ხუთმაგი ოდენობით - 3,4 მლნ ლარით დააჯარიმეს.