პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი სანდრო ბარამიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას შპს „ელიტა ბურჯის“ სამართალდარმღვევად ცნობაზე, მისი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე შპს „ელიტა ბურჯი“ 3,4 მილიონი ლარით დააჯარიმას აბსოლუტურ უკანონოს უწოდებს.
მისი თქმით, სასამართლომ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ გაწეული მომსახურების გამო მიიღო და უკანონო შემოწირულობების თანხა არა მომსახურების ღირებულებით, არამედ ბეჭდვის აპარატების ღირებულებით გამოითვალა.
„ისინი უკანონო შემოწირულობას მომსახურების გზით გაწევასთან დაკავშირებით გვედავებიან. შემოწირულობა კომპანიამ მომსახურების გზით თუ გასწია, თუ კაშნეების, მაისურების და აშ. ბეჭდვა - ბრენდირება იყო უკანონო შემოწირულობა მაშინ, ამ მანქანების ღირებულება რა შუაშია და უკანონო შემოწირულობის თანხა ოფსეტური ბეჭდვის აპარატების ღირებულებით როგორ გამოთვალეს. ეს იგივეა, ტაქსი გააჩერო, ტაქსისტს მომსახურების საფასური არ გადაუხადო და ეს ტაქსისტი არა მომსახურების ოდენობით, არამედ მანქანის ღირებულებით დააჯარიმონ“, - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა კომპანიამ ერთი კვირის ვადაში უნდა გადაიხადოს, თუმცა „ელიტა ბურჯი“ უკანონო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას არ აპირებს.
ამასთანავე ბარამიძის განცხადებით, ისინი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ „ვხედავთ, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება“.