პოლიტილოგი ზურაბ აბაშიძე "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „თრიალეთთან“ ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებას - "საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს, მაგრამ არა ევროპისა და ნატო-ს ხარჯზე", დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ცოტა წინააღმდეგობრივია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ალბათ გააჩნია ამ გეგმის კონკრეტული მონახაზი.
„მივესალმები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია. რუსეთთან რომ პრობლემები მოსაგვარებელია, რად უნდა ამას დავა, თუმცა, მთავარია კითხვა- რანაირად უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი? ალბათ აქვთ მათ თავისი სტრატეგია შემუშავებული.
რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა საქართველოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ნატოსკენ და ევროპისკენ აღებული კურსისის შეცვლა და შეუშლის თუ არა ეს ხელს ერთიმეორეს, შემიძლია გითხრათ, რომ წინააღმდეგობები არის , ეს ფაქტია, არის კითხვები ამ თვალსაზრისით, თუმცა ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობები ნატოსა და ევროპის ხარჯზე არ შეიცვლება, არ გაუარესდება მათთან ურთიერთობები. რანაირად ფიქრობს მისი გუნდი ამის გაკეთებას, ვერ გეტყვით, ალბათ გააჩნიათ კონკრეტული მონახაზები. მიდგომა სწორია-რუსეთთან ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს“,-აცხადებს აბაშიძე.