სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და მის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განცახდება გაავრცელა.
განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის შპს „ელიტა ბურჯის“ საფინანსო დოკუმენტაციის მონიტორინგს ახორციელებს. დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ კომპანიამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნებისათვის, 2012 წლის განმავლობაში ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა მთლიანი ღირებულებით 679.487.94 ლარი.
შპს „ელიტა ბურჯს“ პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარსულში არ განუხორციელებია. შესაბამისი დანადგარები და აღჭურვილობა კომპანიის მიერ შეძენილია საგანგებოდ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის მხარდასაჭერად.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული საქმიანობისათვის შპს „ელიტა ბურჯმა“ მრავალმილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ოფშორული კომპანია CHISTA ENTERPRISES LIMITED“-ისგან. ასევე „RINGOLD FINANCIAL LTD“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილი წარმოადგენს. საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის სახელი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შპს „ელიტა ბურჯის“ ჩადენილი მორიგი სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდეგ, კომპანიამ ოფსეტური ბედვის აპარატები და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ატრიბუტი 1,729,521.55 ლარად ბიძინა ივანიშვილის ძმის- ალექსანდრე ივანიშვილის კომპანია „გლობალ ტვ“ ამერიკელ მეწილეს ალექსანდრ როზენჰესს მიყიდა. ამ უკანასკნელმა გარიგების შედეგად, ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიის მიერ დაფუძნებულ შპს „ლიზინგი ოცდამეერთეს“ 180.000 ლარად ნაყიდი მიწა არარეალურ თანხად - 1.900.000 აშშ დოლარად მიყიდა. აღნიშნული ქონების ალოგიკურ თანხად გასხვისებაზე თანხმობა დამფუძნებლის წარმომადგენელმა, ბიძინა ივანიშვილის დის შვილმა - კახა კობიაშვილმა გასცა. სწორედ ამ საეჭვო გარიგების შედეგად მიღებული თანხით ალექსანდრე რონზჰესმა შპს „ელტა ბურჯისაგან“ ტიპოგრაფიული საქმიანობისათვის განკუთვნილი ყველა ტექნიკური საშუალება და მასალა შეიძინა, რომლითაც ეს კომპანია დღემდე კანონსაწინააღდმეგო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს.
შპს „ელიტა ბურჯი“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა პოლიტიკური სუბიექტის ააიპ მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ფაქტზე.
უკანონო შემოწირულების განხორციელების ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ კვლავ სამართალდამრღვევად სცნო. ამავდროულად ყადაღა დაადო მის საბანკო ანგარიშებს და უძრავ-მოძრავ ქონებას.
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საქმის მასალები განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.