„უსაფრთხოების მხრივ, ნატოს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა აუცილებლად უნდა ცდილობდეს ნატოში გაწევრიანებას და ამისთვის რეალურად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და არა ისე ფასადურად, როგორაც ხელისუფლება წლების განმავლობაში გვარწმუნებს. მაშინაც კი, სანამ ომი დაიწყებოდა გვპირდებოდნენ, რომ ჩვენს ცაში ნატოს თვითმფრინავები იფრენდნენ, მაგრამ როგორი თვითმფრინავებიც ფრინავდნენ კარგად ვნახეთ“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან მისი თქმით, გონიერი ადამიანი ყოველთვის უკეთესს ირჩევს.
„უკეთესი დღეს კაცობრიობას არაფერი მოუგონებია გარდა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ბედიც. უსაფრთხოების მხრივ, ნატოს არ აქვს ალტერნატივა. დიდი ხანია გვაიმედებენ, რომ ნატოს წევრი გავხდებით. ასეთი მმართველობის პირობებში, ასეთ არადემოკრატიულ ქვეყანას ნატოში არ მიიღებენ. ნატო სამხედრო -პოლიტიკური სტრუქტურაა და იქ გასაწევრიანებლად აუცილებელი მოთხოვნა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული ქვეყანაა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ასე კრიტიკულად როდესაც ვუყურებ, ჩემი ოპონენტები ბრალს მდებენ არ სურს ნატოში გაწევრიანებაო, თუმცა გამოკვეთილად ვამბობ, რომ ჩვენი ერთადერთი გზა ევროპა და ნატოა“.
ამავდროულად, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ვალდებულები ვართ რუსეთთან საზღვარი დავალაგოთ.
„ვალდებულნი ვართ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, თუმცა არა ევროპისა და ნატოს ხარჯზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.