„2008 წლის აგვისტოს მოვლენები ტრაგიკულად განვითარების მიზეზი იყო ერთის მხრივ მოსკოვის „სწორი თამაში“, თუმცა მთავარი მიზეზი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგება და ოპოზიციისა და სავარძლის დაკარგვის საფრთხის შიში იყო“, - ამის შესახებ, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის მტკიცებით, სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციაზე იმიტომ წამოეგო, რომ სავარძლის დაკარგვის შეეშინდა.
„2008 წელს სააკაშვილს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ოპოზიციასთან, რომელიც მუდმივად ახსენებდა, რომ სექტემბერ-ოქტობერში დიდ გამოსვლებს დაიწყებდა და მას კატასტროფა ელოდა. მას, რომ როგორმე მოეხერხებინა სავარძლის შენარჩუნება, გამოსავალს ამაში ხედავდა, თუმცა ოდესღაც მსგავს გამოსავალზე უარი ვათქმევინე და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ყველაზე უარესი, რაც საქართველოს ისტორიაში შეიძლება მომხდარიყო“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი აღნიშნავს, რომ სწორად იმუშავა რუსულმა დაზვერვამაც, როცა სააკაშვილს სატყუარები გადმოუგდო.
ივანიშვილის თქმით, წინასწარი განცხადებები კეთდებოდა, რომ რუსეთის მთავრობას კოკოითი ყელში ამოუვიდა, კრემლიდანაც უთვლიდნენ, რომ ხელს არ გაანძრევდნენ.
„ეს სააკაშვილმა თავის დროზე მეც მითხრა. ვუპასუხე რომ ეს აბსოლუტური სისულელეა და თუ კრემლი ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც დაერეკათ არ დაეჯერებინა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
შესაბამისად, ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეეძლო.
„ბრალს მდებენ, რომ თითქოს ვთქვი - „ომი საქართველომ დაიწყო“, მაგრამ მსგავსი რამ არ მითქვამს. მეტიც, საქართველო ომს ერთი მიზეზით ვერ დაიწყებდა, რადგან ეს ომი სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა. ის, რომ სააკაშვილს ვადანაშაულებ უგუნურ და გაუაზრებელ ქცევებში, გადათარგმნეს თითქოს საქართველო დავადანაშაულე ომის დაწყებაში. აგვისტოს მოვლენების ტრაგიკულად განვითარებაში ერთი კაცი და მისი იდეოლოგიაა დამნაშავე. ეს კაცი გახლავთ სააკაშვილი, რომელიც მოიქცა უგუნურად და უსუსურად იმ პროცესებში, რომელიც აგვისტოში განვითარდა. გასაგებია რაც მაშინ ხდებოდა და ყველამ კარგად ვიცით საიდანაც ისროდნენ. თუმცა მაშინ სააკაშვილს ტანკებისა და ვერტმფრენების გამოყვანის ნაცვლად, ამერიკიდან და ევროპიდან დამკვირვებლები უნდა ჩამოეყვანა და მოსახლეობა უსაფრთხოდ გამოეყვანა კონფლიქტური რეგიონიდან. ამით შესაძლებელია პროცესი მშვიდობიანად დარეგულირებულიყო“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.