„Facebook სტატუსებმა“  შესაძლოა უმუშევარი დაგტოვოთ

„Facebook სტატუსებმა“ შესაძლოა უმუშევარი დაგტოვოთ

აშშ-ის შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელმა საბჭომ განიხილა, რამდენიმე საქმე, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერილი სტატუსების გამო კომპანიების მიერ თანამშრომლების დათხოვნას ეხებოდა. ზოგი მათგანი კომპანიის ხელმძღვანელების, ზოგი კი დათხოვნილი თანამშრომლების სასარგებლოდ გადაწყდა.

გათავისუფლებულ თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მათ სასარგებლოდ შრომითი კოდექსის ის მუხლი იმუშავებს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლებს უფლებას -  ჩაატარონ ჯგუფური აქციები ურთიერთდახმარებისა და დაცვისთვის.

ჯგუფური აქციები  სხვადასხვა ფორმებს იღებენ : ზოგი გაფიცვას ამჯობინებს,ზოგი კოლექტიურ მიმართვას უგზავნის ზემდგომებს, ზოგი კი კოლექტიურად პოსტავს და აკომენტარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ონლაინ გამოთქმული პროტესტი არ უნდა ისჯებოდეს უფრო მკაცრად ვიდრე პროტესტის სხვა ფორმები.

კომპანიების ხელმძღვანელები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ დაცული უნდა იყოს კონსტიტუციით მინიჭებული სიტყვის თავისუფლების უფლება, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაირღვეს კერძო კომპანიის უფლება თავისი თვალსაზრისის გათვალისწინებით შეარჩიოს სუკეთესო და მისაღები კადრი.

ერთ-ერთ, კერძო კომპანიაში დასაქმებულმა ქალბატონმა თავის ფეისბუქზე „დაასტატუსა“, რომ მისი აზრით, ის და თავისი კოლეგები კლიენტებს არასათანადოდ ემსახურებოდნენ. მარიანამ აღნიშნულ საკითხზე აზრის გამოთქმა სხვა კოლეგებსაც სთხოვა.  მის სტატუსს რამდენიმე კოლეგა გამოეხმაურა და დაეთანხმა. რამდენიმე დღეში ის და მისი კოლეგები სამსახურიდან დაითხოვეს. კომპანიამ მიზეზად ის დაასახელა, რომ მათი ონლაინ-საუბრები სხვა კოლეგებზე უარყოფითად მოქმედებდა, იწვევდა მათ შეშფოთებას და არღვევდა კომპანიის შინაგანაწესს. სამსახურიდან გაშვებულმა კოლეგებმა თავისი უფლებების დასაცავად შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ საბჭოს მიმართეს.

აშშ-ის სავაჭო პალატის შრომის პოლიტიკის განყოფილებაში მიიჩნევენ, რომ საბჭომ აუცილებლად უნდა განსაზღვროს წესები „ფეისბუქის“ პოსტებთან მიმართებაში,- სოციალურ ქსელში „უბრალო საუბარს“  შეუძლია თუ არა ზიანის მიყენება კომპანიის რეპუტაციისთვის და შესაძლოა თუ არა, ის, თანამშრომლების ბუფეტში საუბარზე უფრო მნიშვნელოვნად ჩაითვალოს.

 სასამართლოს იგივე საჩივრით მიმართეს სპორტბარის ბარმენმა და ავტოსალონის გამყიდველმაც. პირველ შემთხვევაში ბარმენმა „ფეისბუქზე“ დაპოსტა რომ მისმა უფროსმა ხელფასი არასწორად დაუქვითა, სპორტბარის მზარეულმა კი მისი სტატუსი „მოიწონა“- ისინი ორივე გაუშვეს სამსახურიდან. რაც შეეხება, მეორე შემთხვევას, ავტოსალონის თანამშრომელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ საკვების ხარისხზე, რომლითაც კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფდა.