საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მოქალაქე გიორგი ქავთარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.
აღნიშნულის შესახებ, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება მოქალაქე გიორგი ქავთარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.
2012 წლის 4 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და გაესაუბრა ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ განთავსებულ მოქალაქე გიორგი ქავთარაძეს. ქავთარაძის განმარტებით, 2012 წლის 3 ივლისს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ანაკლიაში, საზაფხულო ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ღამის ადგილზე გათენება.
გ. ქავთარაძის გადმოცემით, ღამის საათებში მათთან მივიდა პოლიციის ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა სამი პიროვნება. ერთ–ერთმა პოლიციელმა მას მოსთხოვა ავტომობილის საბუთები და მართვის მოწმობა. საბუთების წარდგენის შემდეგ ქავთარაძეს მოსთხოვეს ალკოჰოლის ტესტის გავლა, რის შემდეგაც იგი მეგობრებთან ერთად ჩასვეს პოლიციის ავტომანქანაში და გადაიყვანეს ანაკლიის პოლიციაში. გ. ქავთარაძის განცხადებით, ის და მისი თანმხლები პირები მოათავსეს ერთ ოთახში. ქავთარაძემ პოლიციელს სთხოვა, არ დაეკისრებინა მისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა, ვინაიდან მას ადრე უკვე ჰქონდა დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი. აღნიშნულის გამო პოლიციის თანამშრომელმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა წარბის არეში, რის შემდეგაც ქავთარაძემ იგრძნო თავბრუსხვევა. ქავთარაძის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მის მეგობრებსაც მიაყენეს სიტყვერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
გიორგი ქავთარაძის განცხადებით, მომხდარი ფაქტის შემდეგ მას უჭირს მეტყველება. სამედიცინო ბარათში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, გ.ქავთარაძეს სამედიცინო ნაწილში შესვლისას აღენიშნებოდა ნევროზული მდგომარეობა, ნაკაწრი ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში. მას დაესვა დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.