მშვიდობის ფონდის" (The Fund for Peace) მსოფლიო რეიტინგში საქართველო 51-ე ადგილზე, ე.წ „წითელ კატეგორიაში“, ანუ არშემდგარი სახელმწიფოს სიაში მოხვდა. საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა აზერბაიჯანში, მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსში, რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთში და უკრაინაში, რომლებიც „ნარინჯისფერ“ კატეგორიაში მოხვდნენ.კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის გოგი ხუციშვილის განცხადებით,ის რაც ამჟამად სახელმწიფოში ხდება, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და ასე არჩევნები არცერთ ნორმალურ ქვეყნაში არ ტარდება.
„არ მიკვირს საქართველოს არშემდგარი სახელმწიფოების კატეგორიაში მოხვედრა, რადგან წინასაარჩევნო სიტუაცია ძალიან კარგი მაჩვენებელია იმის, როგორი ტიპის სახელმწიფო გვაქვს ან როგორი ტიპის სახელმწიფოსკენ მივექანებით. ეს არის არა წინასაარჩევნო ბრძოლა, არამედ ყველა ანგარიშგასაწევი ოპონენტების წინააღმდეგ გააფთრებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ასე არჩევნები არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ტარდება. ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ეხლა ხდება, ეს წინასაარჩევნო ანგარიშსწორებაა. ნახეთ რა ხდება ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ, განსაჯეთ მასმედიის, სასამართლოს მდგომარეობა, კონტროლის პალატის ქმედება, ყველაფერი ეს მეტყველებს ამაზე.
რა თქმა უნდა, იქნება წყნარი და უსაფრთხო სიტუაცია ქვეყანაში მხოლოდ მათ მიმართ, ვინც არ ავლენს ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოლიტიკურ ორიენტაციებსა და სიმპათიებს. როგორც კი ადამიანი ხელისუფლებისგან განსხვავებულ ორიენტაციას გამოავლენს, მაშინვე ამოქმედდება სახელმწიფო მანქანა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ ნორმალური სახელმწიფო გაგვაჩნია“,-აცხადებს ხუციშვილი.