არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და სოფლის რწმუნებულებს ადგილობრივი წარმოშობის ავტორიტეტული პიროვნებების საარჩევნოდ მობილიზაციას ავალებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების საგანგაშო ტენდენციას. ორგანიზაციის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი თავის სოფელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ივნისის ბოლოს სტუმრობდა.
„ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორმა გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და სოფლის რწმუნებულებს დაავალა ადგილობრივი წარმოშობის ავტორიტეტული პიროვნებების საარჩევნოდ მობილიზაცია. ეს პიროვნებები წინასაარჩევნოდ რამდენიმე დღით ადრე სოფელში უნდა იყვნენ და არჩევნებზე მინუმუმ ათი ისეთი ადამიანი მიიყვანონ, რომლებიც ხმას აუცილებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ. ამ სამსახურის სანაცვლოდ კი ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება გარანტირებული ექნებათ. რწმუნებულმა ჩვენს წყაროს ასევე განუცხადა, რომ ეს დავალება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა გოგიტა სიბაშვილმა უშუალოდ მისცეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ რომ, ასეთი ქმედებები ერთდროულად რამდენიმე კანონს და მნიშვნელოვან პრინციპს არღვევს და რეაგირებისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას, მთავარ პროკურატურას და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ.