ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი მამუკა ღლონტი პროკურატურის მიერ სასამართლოსგან „მაესტროს“ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნას თავისუფალ მედიაზე შეტევის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ ანტენების დაყადაღება მედიასთან ბრძოლის მორიგი რაუნდია.
ღლონტის განცხადებით, მაესტროს სიგნალის გავრცელება არამხოლოდ ტელეკომპანიის საქმიანობა არამედ, მოვალეობაცაა.
„ვინაიდან ჩვენ ვართ საკაბელო ტელევიზია, ეს უშუალოდ ჩვენი საქმიანობაა. ტელეკომპანია „მაესტროს“ სიგნალი თბილისის გარეთ, ყველგან თეფშების საშუალებით ვრცელდება და ის რომ ჩვენ თეფშები შემოგვაქვს ამაში საკვირველი არაფერია. ასევე მაესტროში ჩაიდო დიდი ინვესტიცია, რაც სექტემბრიდან ახალი ეთერით გასვლას გულისხმობს, ეს ინვესტიცია, რაც თეფშების სახით შემოდის ზღვაში წვეთია მასთან, რაც უკვე ტელევიზიაში გაკეთდა“, - განაცხადა ღლონტმა.
ღლონტი პროკურატურის ბრალდებას „ელიტა ბურჯის“ დავალებით მოქმედებაზე აბსურდს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ალბათ, ამის რაიმე დამამტკიცებელი არგუმენტი ექნებათ და ეს დამონტაჟებული სატელეფონო ჩანაწერები არ იქნება, თუმცა როგორც ვიცით, მათ რაიმე დამამტკიცებელი საბუთები არ სჭირდებათ“, - განაცხადა ღლონტმა.
ღლონტის თქმით, ამ მოქმედებებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას არჩევნების თანაბარ პირობებში ჩატარება არ სურს.
„საქართველოს სოფლის მოსახლეობა მხოლოდ „რუსთავი 2 „-ს და „იმედს“ უყურებს. ამ მოსახლეობას არ აქვს საშუალება ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს“, - განაცხადა ღლონტმა და დასძინა, რომ „ჩვენი ხელისუფლება ხომ, მედიასთან ბრძოლით საშინელი და სასტიკი ხერხებით გამოირჩევა“.