„6 მილიონი კი არა, 6 კაპიკიც კი არ მიმიღია. ჩემს პირად ანგარიშზე ალბათ, ახლა 2400 ლარი დევს და საუბარი მილიონებზე არასდროს არ ყოფილა“, - ამის შესახებ განცხადება „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან ჯავახიშვილის ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი ტრანზაქცია განხორციელდა.
ჯავახიშვილის თქმით, თუ საიდან მოუვიდა მოგელაძეს ეს აზრი, უმჯობესია მას ვკითხოთ.
„რაღაცეებს ურევს ქალბატონი მოგელაძე და გაერკვევა ალბათ ნელა-ნელა“,- განაცხადა ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება მისთვის მიცემულ სამდღიან ვადას, ჯავახიშვილის განცხადებით, „3 წუთიც კი საკმარისია იმისთვის, ვუთხრა მათ, რომ არასდროს მქონია ამხელა თანხები“.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორ ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი ტრანზაქცია განხორციელდა, რომელიც შესაძლოა „კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჯავახიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია უწყებას სამი დღის ვადაში წარუდგინოს.