პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე აღსრულების ბიუროს სასამართლოსადმი მოთხოვნით მიმართვას, „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით დანაშაულს უწოდებს და აცხადებს, რომ დანაშაულებრივ ქმედებებს აღსრულების ბიურო პირველი გადაწყვეტილებიდან ახორციელებს, როდესაც „ქართუ ჯგუფის“ ქონებაზე სააღსრულებლო წარმოებები დაიწყო.
„მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ბიურომ იცოდა, რომ „ქართუ ჯგუფის“ აქციებს ბიძინა ივანიშვილი არ ფლობდა, კანონმდებლობის რეგულაციის სფეროდან გავიდა. მისი ეს ქმედება დანაშაულებრივი იყო, რადგან ხელყოფდა იმ ქონებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შემდგომი მოქმედება, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხორციელდება უკანონოა და კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება“, - განაცხადა თადუმაძემ და აღნიშნა, რომ მითუმეტეს, აღსრულების ბიუროს ეს გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილ განცხადებას ეყრდნობა .
„რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს ქმედება უკანონოა, რადგან აღნიშნულ საქმეში კრედიტორს კონტროლის პალატა არ წარმოადგენს“, - განაცხადა თადუმაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა უფლება მსგავსი განცხადებით მიემართა სააღსრულებო ბიუროსათვის და აღნიშნავს, რომ ახლა სასამართლოს აქვს სრული შესაძლებლობა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს.
„სასამართლოს არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განცხადება დაუდეს საფუძვლად. ახლა სასამართლოს არა მხოლოდ უფლება ვალდებულებაც აქვს აღსრულების ბიუროს მოთხოვნა არ გაითვალისწინოს. სასამართლო ვალდებულია სააღსრულებლო ბიუროს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს, თუმცა იმ სასამართლოსგან, რომელმაც 75 მილიონი აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე დააკისრა ბიძინა ივანიშვილს არანაირ იმედს არ ვიტოვებთ, მაგრამ კანონომდებლობის სივრცეში თუ ვისაუბრებთ სასამართლო ვალდებულია აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს“, - განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის შუამდგომლობით მიმართა.
აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ იძულებითი მართვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას გულისხმობს. იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში.