პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რამდენიმე წელში ბრიუსელშიც იმსჯელებენ.
ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია - “საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები”, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა. მან ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრა, წინასაარჩევნოდ არსებული ვითარება მიმოიხილა და არჩევნებში უცხოელ დამკვირვებელთა მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. თავის გამოსვლაში დავით ბაქრაძე ასევე საკანონმდებლო ორგანოს მიერ საარჩევნო პერიოდისთვის მედიის ხელშეწყობის ასპექტებს შეეხო და Must Carry da Must Offer–თან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
დავით ბაქრაძის შეფასებით, წლევანდელი კონფერენციის წარმომადგენლობითი დონე აღემატება ყველა წინა კონფერენციების დონეს და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე მსჯელობის მიზნით. „ის , რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ და ჩვენ გარდა არავინ საუბრობდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, დღეს უკვე ფართო დისკუსიის საგანი ხდება. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში აღნიშნული საკითხი განხილული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელის იმ სტრუქტურებში, სადაც ამ საკითხს წყვეტენ “,– აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკავშირის ინსტიტუტის ხელმძღვანელები, მათ შორის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტესი და მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ფილატი იღებენ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ასევე ევროპარლამენტარები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები.