სახალხო დამცველი მედიასაშუალებებს პროფესიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი მედიასაშუალებებს პროფესიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა არაერთი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჟურნალისტების მხრიდან ერთმანეთისადმი უპატივცემულო და არაკოლეგიური დამოკიდებულება გამოვლინდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენელს და  ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, აქვს უფლება თავისუფლად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

„თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ამავდროულად აუცილებელად მიმაჩნია ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტებმა დაიცვან ეთიკის ნორმები და პროფესიული სტანდარტები. ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრონ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველს მიუღებლად მიაჩნია სხვა საინფორმაციო სააგენტოებისა თუ მედია საშუალების წამომადგენელთათვის შეურაცხყოფის მიყენება და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დაბრკოლებების შექმნა.

„მოვუწოდებ ყველა  მედიასაშუალებას, მათ წარმომადგენლებსა და მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ყველა პირს, საქმიანობისას მკაცრად დაიცვან პროფესიული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც შეურაცხმყოფელია სხვა კოლეგებისადმი, პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტს და ქმნის დაპირისპირების საფრთხეს“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.