სოჭში მცხოვრებ ქართველებს „მაესტროს“, „მე–9 არხის“ და „ტვ 25” ნახვის საშუალება მიეცათ. სოჭის ქართულ სოფელ პლასტუნკაში მაცხოვრებლებს ქართული სახელისუფლებო არხების გარდა, განსხვავებული ინფორმაციის მიღების საშუალება გაუჩნდათ.
პლასტუკნაში მცხოვრებმა ერთ–ერთმა ქართულმა ოჯახმა from.ge-ს განუცხადა, რომ უკვე 1 თვეა რაც „მაესტროს“, „მე–9 არხს“ და „ტვ 25” უყურებენ და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას იღებენ.
ისინი აქამდე მხოლოდ „რუსთავი 2“–ს, „იმედს“ და პირველ არხს უყურებდნენ, ახლა კი ტექნიკურად იმის შესაძლებლობა გაჩნდა, რომ სხვა ტელეარხებსაც უყურონ.
„რუსთავი 2“–დან და „იმედიდან“ ჩვენ მხოლოდ იმას ვიგებდით როგორ ლამაზდებოდა და შენდებოდა საქართველო. ახლა კი გავიგეთ, რომ ამ ლამაზი ფასადების მიღმა უამრავი სოციალური პრობლემებია. ისიც შევიტყვეთ, რომ თბილისში თურმე ნაგავი დენზეა მიბმული. თავიდან ეს ვასიკო ოდიშვილის ხუმრობა გვეგონა, რადგან ასეთი რამ ვერც კი წარმოგვედგინა. ახლა კი დავრწმუნდით, რომ ეს ხუმრობა კი არა სამწუხარო რეალობაა“, – აღნიშნა პლასტუნკაში მაცხოვრებელმა.
მისივე განცხადებით, პლასტუნკაში მცხოვრებლებმა ისიც შეიტყვეს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მაინც და მაინც იოლი არ არის.
„მაესტროს“ არხზე არაერთი დაჩაგრული ბიზნესმენი და ინვესტორი ვიხილეთ. გავიგეთ უსამართლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ. ასევე შევიტყვეთ სხვადასხვა ბიზნესში არსებული მონოპოლიების შესახებ, რომელსაც მაღალჩინოსნები მფარველობენ“, - განაცხადა პლასტუნკაში მაცხოვრებელმა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამ მწარე რეალობისა, როდესაც საკუთარ რუს მეზობლებთან საქართველოს შესახებ საუბრობს, მაინც საქართველოს ხელისუფლებას იცავს და მწარე რეალობის შესახებ მხოლოდ ოჯახში საუბრობს.