საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფი საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს მიმართვას უგზავნის და საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე სათანადო რეაგირებას სთხოვს.
მიმართვის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, სადაც ნათქვამია რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზირება მოახდინა.
„საქართველოში მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებაა, სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, ხელისუფლება კი, ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს, სახელმწიფო დემოკრატიის გზას ადგას. მას ამით შეცდომაში შეყავს, როგორც საკუთარი მოქალაქეები, ასევე, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება“ - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის ავტორთა განცხადებით, ხელისუფლება სპორტსმენებს არა სპორტული მიღწევების, არამედ მისდამი მორჩილების მიხედვით ყოფს, რაც მათ ღირსებას ლახავს. მათივე განმარტებით, ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი თავისი არსით მშვიდობის სამსახურშია და ის არ შეიძლება განიხილებოდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებად.
„ხელისუფლება სპორტსმენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და უკმაყოფილო მოქალაქეების დასასჯელად იყენებს, სპორტსმენთა სადამსჯელო რაზმებს ქმნის, რომლებიც დაუნდობლად უსწორდებიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს კი, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობად იქცეს“ - აღნიშნულია სპორტის თემატური ჯგუფის მიმართვაში.
მიმართვა ჟურნალისტებს მოძრაობის სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა გააცნო. მისი თქმით, მიმართვა საქართველოში უცხო ქვეყნის საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დღესვე გადაეგზავნებათ.
„მივმართავთს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვთხოვთ მოახდინოს სათანადო რეაგირება ხელისუფლების ამგვარ ქმედებებზე, შეწყდეს, ზეწოლა და რეპრესიები სპორტსმენებზე, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიმართას ხელს აწერს 121 ადამიანი, როგორც ვეტერანი, ასევე მოქმედი სპორტსმენები. მათ შორის არიან - ნონა გაფრინდაშვილი, შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური და სოსო ჯაჭვლიანი.