აღსრულების ბიურომ

აღსრულების ბიურომ "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით სააღსრულებო საქმის წარმოება გრძელდება.  აღსრულების ეროვნული ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ უწყების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

განცხადების თანახმად, იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას.

 „თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული #4/ა-131-12 და #4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე, რომელზეც გამოტანილი იყო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7% სს „პროგრეს ბანკში", აქციების რეალიზაცია არ მოხდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის და 63 -ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განცხადებით მომართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.

იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას.

იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.