საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მუშაობის დასრულების შემდეგ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ვილფრიდ მარტინსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპალამენტში გაიმართულ დებატებზე ისაუბრა.
სააკაშვილის განცხადებით, ყველა ფრაქციის წარმომადგენლისგან ძალიან ნათელი გზავნილი წამოვიდა, რომ ევროპა არ იყიდება.
„ეს ჩემთვის მკაფიო ნიშანია, თუ რატომ გვინდა ევროპასთან გაერთიანება. სხვა სივრცისგან განსხვავებით, სადაც ჩვენ უკან მიგვათრევენ. ევროპული სივრცე ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილია, ჩვენი ისტორიულ-კულტურული გარემო. ამ განხილვის დროს გამოვიდნენ ევროპელი სოციალისტები, ევროპული დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ევროპელი ლიბერალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი, ევროპული სახალხო პარტიიდან გამოვიდა საგარეო კომიტეტის თავჯდომარე ელმარ ბროკი, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ევროპარლამენტარი, რომელმაც ნათლად ილაპარკა საქართველოში არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება ეუთოს ასამბლეის მიერ, საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზეც და ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრებაზეც გაამახვილა.
„საქართველოში არის ხალხი, რომელთაც ტერმინი ოკუპაცია არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენც არ მოგვწონს ეს რეალობა და თუკი რეალობა ასეთია, ტერმინიც უნდა გამოიყენო. სწორედ ეს არის მყარი გარანტია იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიებს ვერავინ ვერ მიიტაცებს და მათი უკან დაბრუნება მოუწევთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.