სუბარი: ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ გამოწვევებსა და კანონდარღვევებს ვცდილობთ მაქსიმალური სიმშვიდით ვუპასუხოთ

სუბარი: ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულ გამოწვევებსა და კანონდარღვევებს ვცდილობთ მაქსიმალური სიმშვიდით ვუპასუხოთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ  შტეფან ფულესთან შეხვედრაზე ერთადერთი თემა  წინასაარჩევნო გარემო და ის ტერორი იყო, რომელიც მისი თქმით, ქვეყანაშია გამეფებული.

„მას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ  რამდენად დაუცველია ადამიანი საქართველოში, რამდენად არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოა შექმნილი ერთის მხრივ, ხელისუფლებისა და მეორეს მხრივ,  წამყვანი ოპოზიცური ძალის „ქართულ ოცნების“ ირგვლივ,  რომ  ყოველგვარი ბრალდების გარეშე ხდება დაუსაბუთებელი ჯარიმების დაწესება „ქართული ოცნების“ მიმართ, თუ როგორ გაუკონტროლებლად ხარჯავს ხელისუფლება თავის საარჩევნო კამპანიისთვის უზარმაზარი რაოდენობის  სახსრებს. ასევე ვისაუბრეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია ბიზნესის დატერორების ფაქტებზე, იმ დევნაზე, რომელიც რიგით მოქალაქეებზე ხორციელდება და იმაზე თუ როგორ იყენებენ სამართალდამცავ ორგანოებს მოსახლეობის დასაშინებლად და კონფლიქტების გამოსაწვევად“, - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ევროკომისართან  კონკრეტულად, მერეთის მაგალითზეც ისაუბრეს.

სუბარის თქმით, მერეთის ინციდენტზე საუბრისას, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა  პატარა ჩართვა გააკეთა, „ინციდენტის მონაწილე   4  პიროვნება ხომ დაკავებულიაო?“ სუბარის განცხადებით კი, მას განუმარტეს, რომ „დაკავებულთაგან 2 მსხვერპლი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი 2 კი, თავდამსხმელი იყო“.

„ალბათ, მას სწორად არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 2 ადამიანი წარმოადგენს მსხვერპლს და სრულიად უკანონოდ არიან  დაკავებულნი, ხოლო 2  თავდამსხმელია.  ამ შემთხვევაში,  სისხლის სამართლის გამოძიება უნდა  დაწყებულიყო. მიმაჩნია, რომ ეს ადმინისტრაციული გადაცდომა არ იყო, რომ  10 დღიანი დაპატიმრებით  შემოფარგლულიყო. ინციდენტის შედეგად, ერთ - ერთი ქალბატონი დღემდე განაგრძობს მკურნალობას“,-  განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ხელყოფა, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა,  საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხულიგნობა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

სუბარის თქმით, შტეფან ფულეს ჰქონდა საკმაოდ სრული  ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ის ძალიან კარგადაა გათვითცნობიერებული იმაში,  თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში “, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ფულეს მთავარ შეკითხვაზე  არჩევნების შემდეგ, რაიმე არეულობა ხომ არაა მოსალოდნელიო, კოალიციის წევრებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიუგეს, რომ  ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„ხელისუფლება დღეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ნორმალური არჩევნები არ ჩატარდეს, ჩვენ კი,  ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,  რომ რაც შეიძლება მშვიდად მივაღწიოთ არჩევნებამდე და იმ გამოწვევებსა და კანონდარღვევებს,  რასაც ხელისუფლება აკეთებს,  ვცდილობთ მაქსიმალური სიმშვიდით და მაქსიმალურად იგნორირებით ვუპასუხოთ.  რასაც ვაკეთებთ ეს საზოგადოების მოთმინებისკენ  და საერთაშორისო  საზოგადოების მეტი ჩართულობისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა სუბარმა.