„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას შეფასებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების მთავარი მიზანი „მკვლელების“ წინა პლანზე გადმოყვანა წარმოადგენს. ამის შესახებ კუკავამ From.ge -სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს ფაქტი, როცა ქვეყნის ლიდერებად მათ ასე „აშკარა და დაუფარავი“ მკვლელები ევლინებიან.
„ეს ცვლილებები ნიშნავს იმას, რომ ადრე საქართველოს მთავრობაში უკანა პლანზე მყოფი მკვლელები წინა პლანზე გამოჩნდნენ. მერაბიშვილი და ახალაია ამ თვალსაზრისით უნიკალური მაგალითები არიან. მათი სახით ორი მკვლელი და ქილერი გვეყოლება მთავრობაში“, - განაცხადა კუკავამ.
კუკავას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ბაჩო ახალაიასთვის ისეთივე პირობითი პოსტი იქნება როგორც ჯაბა იოსელიანისთვის იყო ვიცე პრემიერობა. თავისუფალი საქართველოს ლიდერი მიიჩნევს, რომ ახალაია კარგად მხოლოდ ერთ რამეს - შეკვეთილი მკვლელობების შესრულებას გაართმევს თავს.
„ეს ადამიანი არის შეკვეთილი მკვლელობების შემსრულებელი და რასაც დაავალებენ, იმას პირნათლად შეასრულებს. მხოლოდ ამაში იქნება ის ორგანიზებული და კვალიფიციური“, - აცხადებს კუკავა და აღნიშნავს, რომ იგივე სასჯელაღსრულების სიტემაში მის მიერ ჩადენილი როგორც შეკვეთილი, ასევე მასობრივი მკვლელობები საზოგადოებასაც კარგად ახსოვს.