საქართველოს ვერც მიიწვევდნენ ამ ორგანიზაციაში, ვინაიდან ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ფედერაციაა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შანხაის სამიტზე საუბრისას, რომელზეც რადიკალთა განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება არ მიიწვია.
„ეს არის კარგად გამიზნული, პროპაგანდისტული აქცია, რომელიც დაუპირისპირდა კვლავ საქართველოს ინტერესებს ისევე, როგორც სხვა ბევრი აქციები. თუნდაც, ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების ქცევა - აქედან დაწყებული, დამთავრებული დიდი თემებით, რომელიც ეხება უსაფრთხოებას, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ყველაფერი არის გადაზელილი ამ სიცრუის მანქანაში და პორციებად გამოდის საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ.
ვერც მოიწვევდნენ ამ ორგანიზაციაში საქართველოს, ვინაიდან ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი არის რუსეთის ფედერაცია და ეს არ არის ფორუმი, სადაც ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული წარმომადგენელი სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან. თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებაში არაწევრი ქვეყანა, საქართველო, თანაც ასეთ ვითარებაში, ოკუპირებული ტერიტორიებით, რასაკვირველია, მიწვეული ვერანაირად ვერ იქნებოდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.