“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ყოლბაია მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და ახალ სამთავრობო ინიციატივების შეფასებისას აცხადებს, რომ ხელისუფლება საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად ემზადება.
მისი თქმით, საკადრო ცვლილებები მიანიშნებს იმას, რომ არჩევნების ე.წ. სამზადისში ხელისუფლება შეუპოვარი და ბოლომდე თავისი ზრახვების გამტარებელი იქნება.
„უფრო მეტიც, სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები არ დათმოს. ეს ყველასთვის ცხადია. ყველა ხელისუფლება ცდილობს სკამის შენარჩუნებას, ჩვენი ხელისუფლება კი, განსაკუთრებულია იმით, რომ თავის არსენალში უამრავი ტექნიკური და სხვა შესაძლებლობები გააჩნია. თავისი, რომ გაიტანოს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია მათ შორის, რადიკალურ ზომებზე, მაგრამ ერთი რამ არის, ხელისუფლება ხალხის განწყობასა და საზოგადოებაში არსებულ მდგომარეობას არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ყოლბაიამ.
რაც შეეხება, ახალ სამთავრობო ინიციატივებს ყოლბაის თქმით, ეს წინასაარჩევნო პიარ-კამპანიაა, რომელსაც რეალური შედეგები არ მოჰყვება.
„ახლა, რა დაპირებებსაც აძლევენ მოსახლეობას, ეს რვა წლის წინ უნდა გაკეთებულიყო. ეს ინიციატივები, თუ განხორციელდა რა თქმა უნდა, მივესალმები, თუმცა არამგონია ხელისუფლებას ამ ინიციატივების შესრულების რეალური შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა ყოლბაიამ.